Columbia Shipmanagement-ი თავის ხომალდებზე 10%-ით მეტ ქართველ მეზღვაურს დაასაქმებს

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველო იყო და რჩება სანდო და პროფესიონალი კადრების მიწოდების მნიშვნელოვან წყაროდ.
Sputnik
თბილისი, 22 მარტი – Sputnik. გერმანულ-კვიპროსული გემთმფლობელი კომპანია Columbia Shipmanagement (CSM) საკრუიზო გემებზე 10%-ით მეტ ქართველ მეზღვაურს დაასაქმებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და გერმანულ გემთმფლობელ კომპანია Columbia Shipmanagement-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 22 მარტს მოეწერა. მემორანდუმი ითვალისწინებს მჭიდრო თანამშრომლობას მეზღვაურთა განათლების, სერტიფიცირებისა და დასაქმების მიმართულებით. ამჟამად კომპანიას 1000-ზე მეტი ქართველი მეზღვაური ჰყავს დასაქმებული.

„დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა Columbia Shipmanagement-ის დირექტორატთან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი 10%-ით გაზრდიან თავიანთ გემებზე ქართველების დასაქმების მაჩვენებელს. აღნიშნული კომანია წარმოადგენს გერმანულ-კვიპროსულ კომპანიას და გამოირჩევა ძალიან მაღალი სოციალური პირობებით“, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, ასევე გაღრმავდება თანამშრომლობა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასა და გემთმფლობელ კომპანიას შორის, რაც პირველ რიგში სტუდენტების, კადეტების საზღვაო პრაქტიკით უზრუნველყოფაზე აისახება. საერთაშორისო ნაოსნობაში პრაქტიკის მისაღებად უკვე შეირჩა საზღვაო აკადემიის 40 სტუდენტი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად გაიზრდება, დასძინა იოსელიანმა.
საქართველო და კვიპროსი ერთობლივ საზღვაო კომიტეტს შექმნიან
Columbia Shipmanagement-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანული კომპანიაა, რომელსაც ამჟამად მსოფლიო მასშტაბით 14 საკრუინგო კომპანია აქვს. იგი ახორციელებს 380-მდე გემის მენეჯმენტს, ჰყავს 20 საკრუიზო გემი და დასაქმებული ჰყავს 15 ათასი ადამიანი.
კომპანია 1999 წლიდან დღემდე ქართველი მეზღვაურების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სტაბილური დამსაქმებელია.