კახა კალაძე: თბილისის ქუჩები თოვლისგან 24-საათიან რეჟიმში იწმინდება

უხვმა ნალექმა და დაბალმა ტემპერატურამ დედაქალაქს პრობლემები შეუქმნა.
Sputnik
თბილისი, 21 მარტი — Sputnik. დედაქალაქში მოსული თოვლის გამო „თბილსერვის ჯგუფი“ გზების გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გზების გაწმენდის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებას პრობლემები არ შეექმნას.
წყნეთში, კოჯორსა და მიმდებარე სოფლებში ცენტრალური გზების გაწმენდის პარალელურად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდაც.
ცენტრალური და საუბნო გზების გაწმენდის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

„ზედა წყნეთში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გზის გაწმენდის სამუშაოები. დაწყებული გვაქვს მეორადი ქუჩების მოწესრიგებაც. სპეცტექნიკა მთელი ქალაქის მასშტაბით მუშაობს. ამ დროისათვის სრულად გაწმენდილია წყნეთისა და კოჯრის ცენტრალური ქუჩები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გზების გაწმენდის პროცესში გამოყენებული იყო ახალი სპეცტექნიკაც, რომელიც „თბილსერვის ჯგუფმა“ გასულ თვეებში შეისყიდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 4 ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილია დაყრილი თბილისის ათივე რაიონსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე: შინდისში, ტაბახმელაში, კოჯორში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, ბეთანიაში, დიდგორსა და თელოვანში.
წყარო: თბილისის მერია