თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია მიიჩნევს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მშვიდობა სურს.
ამის შესახებ დეპუტატმა საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგის საერთაშორისო ცენტრი GORBI-ს გამოკითხვის შედეგების კომენტარისას განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
„ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობის შეკვეთა არის მშვიდობა, ეს ჩატარებულმა კვლევებმაც აჩვენა. მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს“, – განაცხადა ჩაჩიბაიამ.
გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტების 75,9% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას საომარ კონფლიქტში, რადგან კონფლიქტი რუსეთთან საქართველოს ისევე დააზარალებს, როგორც უკრაინას. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება 20%, 4,1%-ს კი პასუხი არ აქვს კითხვაზე.
გამოკითხვა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ 10–16 მარტის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით ტელეფონით გამოიკითხა 1.008 რესპონდენტი. ცდომილებაა ±3%.