რუსთავში დევნილი ოჯახები 800 ბინას მიიღებენ

რუსთავში ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება
Sputnik
თბილისი, 19 მარტი – Sputnik. რუსთავში დევნილები 800 ბინას მიიღებენ, ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, რუსთავის გარეუბანში 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. მისი მშენებლობის დასრულების შემდეგ ოჯახებს თანამედროვედ გარემონტებული ბინები გადაეცემათ.
განაცხადების მიღება 2 მარტს დაიწყო და 1 აპრილამდე გაგრძელდება. განაცხადის შევსებას თბილისში, რუსთავში, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები შეძლებენ.
განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ სპეციალური კომისია შეაფასებს მათ და ოჯახებს ფინანსური მდგომარეობისა და ახალი საცხოვრებლის საჭიროებიდან გამომდინარე 0-დან 10-მდე ქულებს მიანიჭებს შემდეგ. კომისია თითოეული შერჩეული იძულებით გადაადგილებული პირის საკითხს ადგილზე პირადად შეისწავლის.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.
წყარო - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო