თბილისი, 18 მარტი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო სტუდენტურმა კინოფესტივალმა ფილმების შერჩევა დაიწყო, ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფესტივალს მასპინძლობს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან, თბილისის მერიასთან და სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით.
ფესტივალის პროგრამა მოიცავს როგორც საგანმანათლებლო პლატფორმას – მასტერ-კლასები, საფესტივალო საუბრები და ფიჩინგ ფორუმი (მხოლოდ ქართველი სტუდენტებისთვის), ისე საერთაშორისო კინოკონკურსის პროგრამას, რომლის ბოლოს გამოვლინდებიან ფესტივალის გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში.
ტრადიციულად, ფესტივალის ჟიური ახალი თაობის კინოკრიტიკოსებითა და კინოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.
კონკურსზე დაიშვება 2021-2022 წლებში შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ოფიციალური შერჩევის შემდეგ წარდგენილი იქნება კინოფესტივალზე.
ორგანიზატორების განცხადებით, ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, უნდა ჰქონდეს ინგლისური სუბტიტრები, ატვირთული უნდა იყოს VIMEO-ზე ან მსგავს პლატფორმაზე HD ხარისხში და მითითებულ ბმულებს თან ახლდეს პაროლი.
კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18 აპრილი. შერჩევის შედეგები 25 მაისს გახდება ცნობილი.
წელს ფესტივალი თბილისში 22-27 ივნისის პერიოდში გაიმართება.