თბილისი, 18 მარტი — Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე უარის თქმა ძალიან დიდი ფუფუნებაა ქვეყნისთვის, განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (GNERC) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ პარლამენტის სხდომაზე.
თურქულმა კომპანია ЕNKA-მ 2020 წლის 20 სექტემბერს საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ერთ თვეში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდა, იანვარში კი საქართველოში თავისი ოფისები დახურა. „ნამახვანჰესის“ პროექტის ხორცშესხმის შემთხვევაში საქართველოს ერთბაშად ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური ექნებოდა (333 მგვტ და 100 მგვტ სიმძლავრის).
„ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, ჩვენ იმისი ფუფუნება არა გვაქვს, რომ ამხელა მოცულობის ინვესტიციაზე, ამდენი ხალხის დასაქმებაზე და, შესაბამისად, საპირისპიროდ, იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზე ვთქვათ უარი“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნარმანიამ.
მისი თქმით, ჰესის მშენებლობა შეაჩერეს ადამიანებმა, რომელთაც ქვეყნის განვითარება არ აინტერესებთ.
„თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის დროებითი და დაინტერესებულ მხარეთა ფართო და აქტიური ჩართულობით გაგრძელდება „ნამახვანჰესის“ მშენებლობა, ისევე, როგორც სხვა საშუალო და მსხვილი ჰესების მშენებლობა. მათ შორის არის გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მართლაც უწყინარი ჰესები“, – განაცხადა ნარმანიამ.
ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 502 დღეა გრძელდება. აქტივისტებმა მდინარე რიონის ხეობაში კარვების ბანაკი მოაწყვეს, ისინი მთავრობისგან ხეობის ეკოსისტემისთვის უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვენ. მოძრაობა „რიონის მცველების“ ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა 21 თებერვალს ეკონომიკის ახალ მინისტრს მოუწოდა, ღია დიალოგის ფარგლებში საჯაროდ გასცეს პასუხი პროექტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას.
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მზად არის ღია დიალოგისთვის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან. მაგრამ ისეთი საკითხებით დაინტერესების შემთხვევაში, როგორიცაა უსაფრთხოება, გარემოზე ზემოქმედება, ბიომრავალფეროვნება, ტარიფები, ეკონომიკა და ენერგოუსაფრთხოება, მიზანშეწონილი იქნება შეხვედრა სწორ ფორმატში – ექსპერტებისა და ისეთი ადამიანების მონაწილეობით შედგეს, რომლებსაც შეუძლიათ შუამავლობა და ნეიტრალური როლის შესრულება.
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობის აგება ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიაზე იგეგმებოდა.
პროექტში „ნამახვანჰესი“ ორი ჰესის კასკადისგან შედგება: ერთის ფართობი 1 კვ.კმ, მეორის – 5,1 კვ.კმ-ია. კასკადის მეშვეობით უნდა დარეგულირდეს წყლის დონე, რათა ხეობაში თავიდან იქნას აცილებული წყალდიდობა.
პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოება 15%-ით უნდა გაზრდილიყო. კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის დაბანდება იგეგმებოდა.
იმპორტჩანაცვლება პრიორიტეტია
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, საქართველოში 2021 წელს 15,3 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც 2020 წელთან შედარებით 23,5%-ით მეტია. ამავე პერიოდში ქვეყანაში საკუთარმა გამომუშავებამ 12,6 მლრდ კვტ/სთ შეადგინა.
საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა და ხდება მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე.