ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღები ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

აღნიშნული ფაქტი ბოლო 24 საათში ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტებზე თავდასხმის ერთადერთი შემთხვევა არ არის.
Sputnik
თბილისი, 18 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღები ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ბრიფინგზე.
უწყების ცნობით, „ფორმულის“ ჟურნალისტებზე თავდასხმა გუშინ თბილისის ერთ-ერთ ბარში მოხდა მაშინ, როდესაც ისინი ინტერვიუს წერდნენ.
ბრალდებულმა უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტების საქმიანობასთან დაკავშირებით, შეურაცხყოფა მიაყენა მათ და ბარის დატოვება მოსთხოვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 140 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
კაციტაძის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი ბოლო 24 საათში ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტებზე თავდასხმის ერთადერთი შემთხვევა არ არის.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ასევე იძიებს „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ოპერატორებზე ზუგდიდში მომხდარ თავდასხმის ფაქტს. ტელეკომპანიის მტკიცებით, ჟურნალისტებს სიუჟეტის მომზადების დროს დაესხნენ თავს.