თბილისი, 17 მარტი — Sputnik. რუსმა ბიზნესმენმა, „ალფა ბანკის“ დამფუძნებელმა მიხაილ ფრიდმანმა Bloomberg-თან ინტერვიუში დაიჩივლა, რომ საბანკო ბარათების დაბლოკვისა და ანგარიშების გაყინვის შემდეგ ლონდონში ცხოვრება გაუჭირდა.
მილიარდერის თქმით, მას დამლაგებლისთვის გადასახდელი თანხაც კი არ აქვს ხელზე.
„იქნებ მე თვითონ დავიწყო სახლის დალაგება. კარგია, რომ სტუდენტობისას ჰოსტელში ვცხოვრობდი და ოთხ მეზობელთან ერთად ვიყოფდი ოთახს. და მაინც, 35 წლის შემდეგ ეს მოულოდნელი გამოცდილებაა. არ ვიცი როგორ ვიცხოვრო. არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი“, — ამბობს ბიზნესმენი.
Bloomberg-ის ცნობით, უკრაინაში რუსული „სპეცოპერაციის“ დაწყებამდე ფრიდმანის ქონება 14 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ახლა „ქაღალდზე“ მისი კაპიტალი 10 მილიარდი დოლარია, ბიზნესმენს კი ნაღდი ფული არ აქვს.
ფრიდმანს, ევროკავშირის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა სანქციები 15 მარტს. ახლა მას მოუწევს, რომ საკუთარი ფულის დახარჯვაზე ნებართვა ქვეყნის მთავრობას სთხოვოს, რომელიც შეაფასებს, რამდენად გონივრულია მისი ხარჯები. ასე რომ, შესაძლოა მილიარდერის ყოველთვიური დანახარჯი 2,5 ათას ევრომდე შემცირდეს.
გარდა ამისა, ბიზნესმენი წუხს, რომ არ შეუძლია ისარგებლოს ისრაელის პასპორტით და იქ გადავიდეს საცხოვრებლად, ვინაიდან იქ სახლი არ აქვს და ვერც შეიძენს, რადგან ახლა ფულიც არ აქვს.
მიხაილ ფრიდმანს სახლები აქვს ლონდონსა და მოსკოვში, ხოლო ლატვიაში მშობლების მიერ დატოვებულ ბინას ფლობს. ბიზნესმენის თქმით, მას არც იახტა ჰყავს და არც თვითმფრინავი, რომელთა კონფისკაციაც იქნებოდა შესაძლებელი.
წყარო: Bloomberg