საგამომცემლო კონფერენცია თბილისში: დედაქალაქს მსოფლიოს 30-მდე გამომცემელი ესტუმრება

კონფერენციის ქართველი და უცხოელი მონაწილეები საგამომცემლო სფეროს აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.
Sputnik
თბილისი, 17 მარტი — Sputnik. თბილისში კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების პირველი რეგიონული საგამომცემლო კონფერენცია 11–12 აპრილს გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 30-მდე გამომცემელი და სფეროს წარმომადგენელი ესტუმრება არა მხოლოდ კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან, არამედ ევროპიდან და ამერიკიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) წარმომადგენლებიც.
შეხვედრები, ძირითადად, დისკუსიის ფორმატში წარიმართება და განიხილება სფეროსთვის საინტერესო და აქტუალური საკითხები.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას საქართველოში მოქმედი გამომცემლობის მაქსიმუმ სამი წარმომადგენელი შეძლებს, აღნიშნავენ ორგანიზატორები. ამისთვის კი აუცილებელია 21 მარტამდე tbwc.ge-ზე დარეგისტრირება.
კონფერენცია პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით ტარდება.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.