თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოში 24 თებერვლიდან ჩამოვიდა 30,5 ათასი რუსეთის მოქალაქე, საიდანაც 12 ათასი ქვეყნის ტერიტორიაზე რჩება, განაცხადა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რუსეთის მოქალაქეები მასობრივად და უკონტროლოდ შემოდიან საქართველოში, რასაც, მათი თქმით, უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. შსს-ში ამას უარყოფენ.
გომელაურის თქმით, ბოლო 21 დღის განმავლობაში საქართველოში შემოვიდა 30.439 რუსეთის მოქალაქე, ხოლო გავიდა 17.801 ადამიანი. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში შემოვიდა 64.008 ადამიანი და გავიდა 63.097.
„დღეისათვის შემოსულთაგან დაახლოებით 12 ათასი ადამიანი არ გასულა. ალბათ, გავლენ. ზოგი გუდაურშია, ბაკურიანშია, თბილისშია“, – განაცხადა გომელაურმა.
ამასთან მან აღნიშნა ვიზიტორთა მზარდი რაოდენობა ბელარუსიდან. მისი თქმით, 24 თებერვლიდან საქართველოში ჩამოვიდა ბელარუსის 15.777 მოქალაქე, მაშინ, როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა სულ 1.678 იყო.
„ბელარუსის მოქალაქეთა რაოდენობა თითქმის 10-ჯერ გაიზარდა, რუსეთის მოქალაქეებისგან განსხვავებით“, – განაცხადა გომელაურმა.
რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეებს, 24 თებერვლიდან ქვეყანაში ჩამოვიდა 8.688 უკრაინის მოქალაქე, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში – დაახლოებით 9 ათასი.
ამავე დროს მან აღნიშნა, რომ საზღვარზე კონტროლი გამკაცრებულია და მესაზღვრეები უცხოელ მოქალაქეებს შემოსვლისას მეტ კითხვებს უსვამენ.
„საზღვრის თემა პრობლემატურია, ყველას გაფილტვრა რთულია, ხოლო სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით ოპერატიულ დონეზე ტელევიზიით ვერ ვისაუბრებ, თუმცა ამომწურავად ვმუშაობთ სუსთან ერთად“, – განაცხადა გომელაურმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის საპასუხოდ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა ახალი სანქციები დააწესეს რუსეთისა და უდიდესი რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ. დასავლური რესტრიქციების დაწესება კვლავ გრძელდება.