თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგასთან მათეუშ მორავიეცკისთან ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატის თანამშრომლობა განიხილა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია. მთავრობების მეთაურების შეხვედრა ბათუმში შედგა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეებმა მასმედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა წარმატებული თანამშრომლობა ქვეყნებს შორის და კოლეგას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პოლონეთი საქართველოს უწევს.
„ჩვენ ვართ დაინტერესებული, მოტივირებულები, რომ კიდევ უფრო განვავრცოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი ურთიერთობები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადი.
„პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. დარწმუნებული ვართ, რომ თითოეულ სუვერენულ ერს შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი მომავალი. საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია, ევროკავშირშია“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
მხარეებმა ასევე უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს. ღარიბაშვილმა პოლონეთსა და პირადად მორავიეცკის მადლობა გადაუხადა უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციისას და საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებისას გაწეული დახმარებისთვის.
საქართველოს პრემიერი სანქციების თემასაც შეეხო. მან ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ სანქციების შემოღებით საქართველო მხოლოდ თავის თავს დააზარალებს.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ მაშინდელ ხელისუფლებას, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობით“ იყო წარმოდგენილი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია. პირიქით, რუსეთს მიჰყიდა სტრატეგიული ენერგოობიექტები, ხოლო სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ პრემიერებმა ბათუმში პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს, რომელიც 2010 წელს ცნობილ ავიაკატასტროფას შეეწირა. ძეგლი ბათუმის ახალ ბულვარზე დაიდგა.
საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 აპრილს დამყარდა. იმ დროიდან ქვეყნები სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობენ. საქართველო პოლონეთს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორად მიიჩნევს.
წყარო - საქართველოს მთავრობა