ბიზნეს-ასოციაციამ საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატი შეაფასა

ასოციაციის მიერ გამოკითხულმა კომპანიებმა კვლავ დადებითად შეაფასეს თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები
Sputnik
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) კვლევის ანგარიშში.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დაარსდა 2009 წელს და აერთიანებს 70-ზე მეტ წამყვან კომპანიას ქვეყანაში, მათ შორის ბანკებს, ბენზინგასამართ სადგურების ქსელებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებს, ასევე დიდ სუპერმარკეტების ქსელებს.
„მოლოდინის მცირედი გაუმჯობესების პარალელურად, მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუარესდა, თუმცა უმნიშვნელოდ. აღსანიშნავია, რომ ბიზნესის მიერ მიმდინარე მდგომარეობის შეფასება 2020 წლის შემდეგ პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
2022 წლის პირველი კვარტლის BAG-ის ინდექსის მიხედვით, წინა კვარტლების პოზიტიური განწყობა შენარჩუნებულია - გამოკითხულმა კომპანიებმა კვლავ დადებითად შეაფასეს თავიანთი ამჟამინდელი მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინები.
BAG-ში აღნიშნეს, რომ ასოციაციის წევრმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს გამოკითხვაში მიმდინარე წლის 14-28 თებერვალს, ამიტომ კვლევა სრულად არ ასახავს რუსეთ-უკრაინის კრიზისის უარყოფით შედეგებს მსოფლიო ეკონომიკისთვის, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისთვის.
კვლევაში BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი დადებითია ყველა სექტორისთვის, გარდა ვაჭრობისა და მრეწველობისა. ეს გამოწვეულია სავაჭრო სექტორში მოლოდინების გაუარესებით და სამრეწველო სექტორში მიმდინარე სიტუაციის მკვეთრი გაუარესებით. მიუხედავად ამისა, გამოკითხული კომპანიები, რომლებიც ამ დარგში ოპერირებენ, არსებულ მდგომარეობას დადებითად აფასებენ.
რაც შეეხება სამშენებლო სექტორს, აღსანიშნავია, რომ გამოკითხული კომპანიები არსებულ მდგომარეობას უარყოფითად აფასებენ. BAG-ის ინფორმაციით, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ამ სფეროში გაყიდვების შემცირებით (რესპოდენტთა 37,5%-მა აღნიშნა, რომ მათი გაყიდვები შემცირდა 2022 წლის პირველ კვარტალში, ხოლო გაყიდვების ზრდა მხოლოდ 13%-მა დააფიქსირა).
მეწარმეებმა ყველაზე დადებითი შეფასება ვაჭრობის სექტორს მისცეს.

დასაქმება

BAG-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 18,7% ამბობს, რომ დაქირავებულთა რაოდენობა წინა კვარტალთან შედარებით იზრდება, ხოლო შტატების შემცირებაზე მხოლოდ 9,3% საუბრობს.
კომპანიების უმეტესობა აცხადებს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა არ შეცვლილა.
გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 29% ვარაუდობს, რომ 2022 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის. მომდევნო კვარტალში პერსონალის შემცირებას 3,7% გეგმავს. კომპანიების უმეტესობა არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას.
დასაქმების კუთხით ყველაზე დადებითი მოლოდინი სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. გამოკითხული კომპანიების 37,5% გაყიდვების ზრდის დადებითი მოლოდინების გამო თანამშრომლების შტატის ზრდას აპირებს.

რა უშლის ხელს ბიზნესს

კვლევაში აღნიშნულია, რომ უმნიშვნელოდ გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არსებობს მათი საქმიანობის შემაფერხებელი ფაქტორები.
საქართველოში ბიზნესის შემაფერხებელი ხუთი ძირითადი მიზეზი (პირველ კვარტალში):
ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა,
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები,
სპეციალისტების ნაკლებობა
სამუშაო ძალის დეფიციტი,
დაბალი მოთხოვნა პროდუქტებზე ან მომსახურებაზე.

ხელმისაწვდომობა ფინანსებზე

გამოკითხული კომპანიების 50% მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (5%-ით მეტი, ვიდრე 2021 წლის მეოთხე კვარტალში) დაფინანსების მოძიებას ცდილობდა. მათგან 15%-მა განაცხადა, რომ საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემას წარმოადგენს. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ყველაზე მეტად პრობლემურია მცირე კომპანიებისთვის, მსხვილი საწარმოებისთვის დაფინანსების მოძიება უფრო ადვილია.
ამასთან, კომპანიების უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდებიან.
წყარო - საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) კვლევა