თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოში 18 და 19 მარტს, პანდემიით გამოწვეული რამდენიმე ონლაინ გამოშვების შემდეგ, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ჩვეულ რეჟიმში გაიმართება, იუწყება საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
ფესტივალი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება. ორგანიზატორების მიერ გავრცელებული განცხადებით, ეს არის უფასო დღესასწაული, რომელიც ღიაა ყველასთვის და სხვადასხვა პერიოდში 6 ათასზე მეტ ადგილზე გაიმართება საფრანგეთსა და მის ფარგლებს გარეთ.
„მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია უფრო მეტად პოპულარული და ხელმისაწვდომი გახადოს მოკლემეტრაჟიანი კინო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
წელს ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმები შეეხება ფემინიზმის, ინფორმაციით მანიპულაციისა და ინკლუზიის თემებს. ასევე ნაჩვენები იქნება ფილმები პატარებისთვის.
ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალის ენაზე ქართული სუბტიტრებით. ფესტივალის დეტალური პროგრამა გამოქვეყნდება მოგვიანებით.
ფესტივალი ორგანიზებულია საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ, საფრანგეთის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სააგენტოსა და CNC-ის მხარდაჭერით.
ორგანიზატორების განცხადებით, COVID-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 30 ადამიანისა. სეანსები გაიმართება მისამართზე დავით აღმაშენებლის გამზირი, №40.