ჯანმოში რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს შეფასების პროცესი შეაჩერეს

„სპუტნიკ V“-ს შეფასება შეჩერებულია უკრაინაში განვითარებული კრიზისის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დროებით შეაჩერა რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს შეფასება.
РИА Новости-ს ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ტექნიკური სირთულეების გამო, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია.

„ჩვენ 7 მარტს უნდა გავმგზავრებულიყავით რუსეთში და ჩაგვეტარებინა ინსპექცია. მაგრამ ეს ინსპექციები გადაიდო“, – განაცხადა ოთხშაბათს ჯანმოს გენერალური დირექტორის თანაშემწემ მარიანჯელა სიმაომ.

სიმაოს თქმით, რუსული ვაქცინის შეფასებისა და მისი წარმოების ინსპექციის პროცესი დაზარალდა უკრაინაში არსებული სიტუაციის, ასევე სანქციების შედეგად შეზღუდული გადაფრენისა და ფინანსური შესაძლებლობების, მათ შორის, საკრედიტო ბარათების მუშაობისა და სხვა ტექნიკური პრობლემების გამო.
სიმაოს სიტყვებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შედგა კონტაქტი რუს მწარმოებელთან. ახალი თარიღი ცნობილი გახდება, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება, დასძინა მან.