UFC-ს მებრძოლების დაპირისპირება ოქტაგონს მიღმაც შედგა, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ბრიტანელ პედი პიმბლეტს ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად დაუპირისპირდა.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, ილია თოფურია და პედი პიმბლეტი ერთმანეთს სასტუმროში შემთხვევით შეხვდნენ. დაპირისპირებას წინ უძღოდა მებრძოლებს შორის სოციალურ ქსელში შემდგარი მიმოწერა, სადაც ბრიტანელმა სპორტსმენმა ილია თოფურია და ქართველები დამცინავად რამდენჯერმე მოიხსენია.
„მე გაგაფრთხილე! აი, რა ხდება, როცა მე და ჩემს ქვეყანას უპატივცემულოდ გვექცევი! დამინახე და ჩემი მოკითხვა გინდოდა, რადგან შარვალში ჩაისვარე! მადლობა უნდა გადაუხადო ჩემს გუნდს, რადგან მათ რომ არ გავეწიე, თავს მოგაძრობდი. ეს არ არის „ტვიტერი“, ეს არის რეალური ცხოვრება!“ – დაწერა თოფურიამ სოციალურ ქსელში.
ბრიტანელმა მებრძოლმა მანამდე კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს გურამ ქუთათელაძესაც დასცინა. პიმბლეტმა მაშინ ქართველ სპორტსმენს დაღესტნელი უწოდა, შემდეგ კი განაცხადა, რომ მის ქვეყანაში დაცინვა მიღებულია და ეს დაპირისპირების მიზეზი არ უნდა გამხდარიყო.
აღსანიშნავია, რომ ილია თოფურია 19 მარტს ლონდონში კიდევ ერთ ბრიტანელ მებრძოლს, ჯეი ჰერბერტს დაუპირისპირდება.