თბილისის მერია: უსახლკაროს სტატუსის მქონე ოთხ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა

2022 წლის დასაწყისში დედაქალაქში უსახლკაროს სტატუსის მქონე 400-მდე ოჯახი იყო.
Sputnik
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. დღეს თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე კიდევ ოთხ ოჯახს მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, უსახლკარო ოჯახების პრობლემის მოგვარება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო და ის ამ დაპირებას ასრულებს.
„წელს დაახლოებით 60 ბინას შევისყიდით და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღნიშნული სტატუსის მქონე ყველა ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, პარალელურად გრძელდება უსახლკაროს სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვა, რისთვისაც შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვებაა საჭირო. კალაძე მოუწოდებს მათ, ვისაც ეს პრობლემა აქვს, მიმართონ რაიონის გამგეობას ან დედაქალაქის მერიას.