თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს – ქვეყანაში სურსათის ჭარბი მარაგია, განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოს მოსახლეობა ყიდულობდა შაქარს, მარილს, ზეთსა და ბურღულეულს იმის შიშით, რომ აღნიშნული პროდუქტები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო დეფიციტური გახდება. გავრცელდა ხმები პურის გაძვირებაზეც.
„დახლები დაიცალა, მაგრამ მაღაზიები ნახევარ საათში, უბრალოდ, ვერ მომარაგდება. იმიტომ რომ ეს არის ლოჯისტიკური პრობლემა და თუ სადმე დღეს შეფერხება გვაქვს, ეს ლოჯისტიკური პრობლემაა, თორემ ქვეყანაში მარაგები ჭარბად არის. მინდა საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაბეჯითებით დავარწმუნო, რომ მარაგებთან დაკავშირებით არანაირი შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა ხანიშვილმა.
შაქარი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი აღმოჩნდა საქართველოს მცხოვრებლებისთვის, რომლებიც მის გაძვირებას ან დეფიციტს უფრთხიან. მაღაზიების რამდენიმედღიანი მარაგი ერთ დღეში გამოილია და ცარიელი დახლები ახალი პანიკის მიზეზი გახდა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მოსახლეობის შიში სრულიად უსაფუძვლო იყო.
„მინდა საზოგადოება აბსოლუტურად დავამშვიდო, რომ შაქარი მუდმივ რეჟიმში შემოდის და ქვეყანაში მარაგები არის. მარტო თბილისში 400 ტონა შაქარია, მთლიანად ქვეყანაში კი 1.600 ტონა. სამშაბათს გემი იცლება, რომელზეც 1.500 ტონა შაქარია, ხუთშაბათს კი რკინიგზით 30 ვაგონი შემოდის 2.000 ტონა შაქრით. ასე რომ, იმდენ შაქარს მოვამარაგებთ, მე მგონი, ამ ადამიანებს მომავალ წლამდე ეყოფათ“, – განაცხადა ხანიშვილმა.
2021 წელს საქართველოში შემოტანილია 120,7 ათასი ტონა შაქარი, საიდანაც 57 ათასი ტონა ბრაზილიიდანაა. უკრაინა იმპორტიორი ქვეყნების სიაში მხოლოდ მერვე ადგილზეა, რუსეთი – მეთორმეტეზე.
ხანიშვილი ირწმუნება, რომ ფქვილთან დაკავშირებითაც არანაირი საფრთხე არ არსებობს.
„პირიქით, წისქვილებს ჭარბი ფქვილი ჰქონდათ, რომელსაც ვერ ყიდდნენ და, რეალურად, აღმოჩნდა, რომ უცბად ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა. ასე რომ, როგორც წესი, ემოცია ცუდი მრჩეველია“, – აღნიშნა მან.
ხანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ სამინისტროს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ძირითად იმპორტიორებთან, ქსელური მაღაზიების ხელმძღვანელებთან, ასოციაციებთან და უწყება მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს.
„სწორედ მათ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვართ ასე დარწმუნებული, რომ ქვეყანაში მარაგებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ხანიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ გაიხსნება ანალოგიური აჟიოტაჟი 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც COVID-19-ის პანდემია დაიწყო. მაგრამ როდესაც მოსახლეობას შესაბამისი ინფორმაცია გააცნეს, პანიკა 2-3 დღეში შეწყდა.
„ვფიქრობთ, რომ ემოციები უკვე დამცხრალია და არანაირ პრობლემას არ ველოდებით“, – განაცხადა ხანიშვილმა.
მისი თქმით, მთავრობამ ყველა ზომა მიიღო იმისათვის, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს ინფორმაცია – მარაგებს არაფერი ემუქრება. დანარჩენი კი ცალკეულ ადამიანებზეა დამოკიდებული.