დეპუტატებმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მეორე მოსმენით მიიღეს

საქართველოში იქნება გარანტირებული საქონლის დაბრუნება, რასაც მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
Sputnik
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით, 86 ხმით მიიღო „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ განახლებული კანონი.
კანონის განახლებული პროექტი წარმოადგენს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ არსებული კანონის ახალ ვერსიას, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.
ამჯერად კანონმდებლებმა კანონის მოქმედი ვერსიის ყველა არსებული ნორმა გადახედეს. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში პირველად გაჩნდება მომხმარებლების გარანტირებული უფლებები საქონლისა და მომსახურების შეძენისას.
კერძოდ, საქონლის შეძენისას მომხმარებელს ექნება გარანტია იმისა, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნილ სტანდარტებს, არ არის ვადაგასული და ემსახურება მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ მიზნებს.
ამავდროულად, გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი თავის საქონელზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ არ იცოდა მომხმარებლის მიერ გაცხადებული მოთხოვნების შესახებ, საქონლის ქარხნული მახასიათებლების ცვლილების შესახებ და რომ მან ვერ დაარწმუნა მომხმარებელი ეთქვა უარი შეუსაბამო საქონლის შეძენაზე.
ასევე, კანონპროექტი უზრუნველყოფს საქონლის დაბრუნების შესაძლებლობას, რაც მოქმედ კანონმდებლობაში არ არის გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი წუნდებული აღმოჩნდება, გამყიდველს მოეთხოვება მისი გაცვლა, შეკეთება, ფასდაკლების გაკეთება ან თანხის დაბრუნება.
ამავდროულად, მომხმარებელს უფლება ექნება მოითხოვოს თანხის დაბრუნება ან ფასდაკლება საქონელზე, თუ მოვაჭრემ ან სავაჭრო ობიექტმა ვერ შეძლო საქონლის გაცვლა ან შეკეთება, ან ეს არ მოხდა გონივრულ ვადაში. თუმცაღა, ფული არ დაუბრუნდება მყიდველს, თუ წუნი უმნიშვნელო აღმოჩნდა.
ამასთან, კანონპროექტი საგარანტიო ქვითრების გაცემის ახალ პირობებს განსაზღვრავს. პროექტის მიხედვით, ეს იქნება არა ქაღალდი მაღაზიის შტამპით და სერვის ცენტრების მისამართებით, არამედ ფურცელი დეტალური ინფორმაციით გარანტიის შესახებ, კერძოდ კი რა სახის მომსახურება შეიძლება მიიღოს მომხმარებელმა, ასევე გარანტიის მოქმედების ვადა.
კანონი ასევე იცავს იმ მყიდველების უფლებებს, რომლებიც საქონელსა და მომსახურებას ონლაინ რეჟიმში ყიდულობენ. ონლაინ-მაღაზიებსაც მოეთხოვებათ საქონლის უკან დაბრუნება ორი კვირის განმავლობაში. მართალია, ეს არ ეხება შეკვეთით დამზადებულ, მალფუჭებად და ისეთ საქონელს, რომელსაც მომხმარებელი მისი მიღების შემდეგ შეუსაბამო პირობებში ინახავდა.
გარდა ამისა, საქართველოში აიკრძალება ვაჭრობა, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი პროდუქტის, მისი ფასწარმოქმნის მეთოდისა და საქონლის მომსახურების შესახებ არასრული ინფორმაციის მიწოდებით.
საქართველოში ასევე აიკრძალება ე.წ. აგრესიული ვაჭრობა, როდესაც მომხმარებლებს აიძულებენ საქონლის შეძენას მუქარით ან სხვა ზემოქმედებით.
მომხმარებელთა უფლებებს კონკურენციის სააგენტო დაიცავს. პროექტის მიხედვით, ის მიიღებს მომხმარებელთა საჩივრებს და თითოეულ საქმეზე გადაწყვეტილებას ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.
დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მოვაჭრეებს ეკისრებათ. თავდაპირველად მათ მიეცემათ დრო ხარვეზების გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოუწევთ ჯარიმის გადახდა (სავაჭრო ბრუნვის არაუმეტეს 2%-ისა). თუ შემთხვევა ერთი წლის განმავლობაში განმეორდება, ჯარიმა გაორმაგდება.
კანონის ძალაში შესვლისთვის საქართველოს პარლამენტმა ის მესამე მოსმენით უნდა მიიღოს, რა დროსაც ჩასწორდება გრამატიკული უზუსტობები, შემდეგ კი კანონს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს.