ზალიკო ბერგერი: მზე, ზღვა, მხიარულება და თავდავიწყება არის ჩემი სტიქია

დიზაინერი ზალიკო ბერგერი ქართულ ბომონდში ცნობილია ყველაზე ხალისიანი და პოზიტიური ადამიანის სახელით. იტაცებს ღამის ცხოვრება, კლუბები, გართობა და მოგზაურობა.
Sputnik

– მოგზაურობა ერთგვარი აზარტია, რაც მეტს მოგზაურობ, მით მეტად გიჩნდება სურვილი, უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში წახვიდე. არასოდეს არ ვუშვებ შანსს ხელიდან, სადმე წავიდე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ნამყოფი არ ვარ. არ მენანება ამისთვის არც დრო, არც ენერგია და არც თანხები. მთელს დანაზოგს დაუფიქრებლად დავხარჯავ მოგზაურობაში. უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, წელს უფრო მეტს ვიმოგზაურებ, ვიდრე გასულ წელს.
წელს აუცილებლად წავალ ნიუ-იორკში. ჯერჯერობით ამერიკის შეერთებულ შტატებში ნამყოფი არ ვარ და, იმედი მაქვს, ძალიან კმაყოფილი დავბრუნდები.

– პირველად რომელ ქვეყანაში წახვედით სამოგზაუროდ და რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?

– მაშინ პატარა ვიყავი. მოსკოვში მიმიწვიეს ფესტივალზე როგორც დიზაინერი. ერთი თვე ვიყავი იქ. არაჩვეულებრივი ქალაქია მოსკოვი და დღემდე ძალიან მიყვარს. მიწვეული ვიყავით დიზაინერები, ვინც ამ ფესტივალში ვიღებდით მონაწილეობას. მოსკოვის ღამის ცხოვრება მაშინ იკიდებდა ფეხს და არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ერთი თვე საკმარისი იყო ყველა ღირსშესანიშნაობა დაგვეთვალიერებინა. ბევრი საუკეთესო მეგობარი შევიძინე, რომლებთანაც დღემდე მაქვს კონტაქტი. ასე რომ, ეს ქალაქი ჩემთვის ბევრ კარგ და სასიამოვნო მოგონებასთან ასოცირდება. სამწუხაროდ, იმის მერე მხოლოდ ერთხელ ვიყავი მოსკოვში.
მოსკოვში ყოფნის დროს მიმიწვიეს კიევშიც, ერთ-ერთ ფესტივალზე. მოსკოვიდან ჩამოსული არ ვიყავი, რომ ჩემი კოლექციით კიევში გავემგზავრე. იმავე ზაფხულში მიმიწვიეს ბაქოში და ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.

ზალიკო ბერგერი იბიცაზე

– ზამთრის კურორტები გიზიდავთ თუ ზაფხულის?

– ზამთრის ცივი კურორტები არ მიყვარს. ვგიჟდები ზაფხულის კურორტებზე. მზე და ზღვა არის ჩემი სტიქია. ყოველთვის ვცდილობ გავექცე ზამთრის სუსხს, სიცივეს და წავიდე სადმე ცხელ ქვეყანაში, კარგი დრო გავატარო ზღვის ტალღებში და გავირუჯო. სადაც მივდივარ, ყველგან თავგადასავლები და მოულოდნელობები მხვდება, სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული მოგზაურობა.

ხშირად დავდიოდი ხოლმე დუბაიში. რამდენჯერაც წავედი, ისე დაემთხვა, რომ თბილისში ცუდი ამინდები და ყინვები იყო. ჩვენ კი დუბაიში ჩავედით 32 გრადუს სიცხეში. ერთი სიტყვით, ერთი განცხრომაა დუბაიში დასვენება.

არ შეიძლება არ აღვნიშნო იბიცა. იბიცა — მხიარულების და თავდავიწყების კუნძულია. შეუდარებელი სილამაზის სანაპიროები, ულამაზესი თეთრი სილით დაფარული პლაჟები, ღამის ცხოვრება… იბიცაზე დასვენება არის ფანტასტიკური. შარშანაც დავისვენე მეგობრებთან ერთად და, იმედი მაქვს, წელსაც მოვხვდებით.

– აფრიკის ქვეყნებში თუ ხართ ნამყოფი?

– არ ვარ ნამყოფი და, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიზიდავს ეგზოტიკა.

ზალიკო ბერგერი იბიცაზე

– თქვენთვის მოგზაურობა ვისთან ერთად არის სასიამოვნო?

– ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან ერთად მიდიხარ სამოგზაუროდ. მოგზაურობა კარგია მეგობრებთან ერთად, სასიამოვნო და მხიარულ გარემოში. როცა მეგობრებთან ერთად მივდივარ, მერე მთელი წლის განმავლობაში ვუზიარებთ ხოლმე ერთმანეთს გამოყოლილ შთაბეჭდილებებს, ვიხსენეთ კურიოზებს, თავგადასავლებს და ეს ძალიან სასიამოვნოა.

– ჩვენც გაგვიზიარეთ კურიოზები და მოულოდნელობები, თქვით, რომ ასეთი ბევრი ყოფილა.

– ასეთი ძალიან ბევრი იყო. რომელი ერთი გავიხსენო… იყო ასეთი შემთხვევა: ჩემ მეგობართან ვრჩებოდი ამსტერდამში. ღამის კლუბში გადავწყვიტე გართობა. თვითონ დაეზარა, ამიტომ მარტო წავედი. მასწავლა სახლში როგორ დავბრუნებულიყავი. ამიხსნა, რომ მისი სახლი იყო „პარამარიბო სტრატს“ და მითხრა, რომ პარამარიბო არის ეთიოპიის დედაქალაქი და ამით დაიმახსოვრეო. დილით გამოვდივარ კლუბიდან გათხლეშილი მთვრალი და ვაჩერებ ტაქსს. მახსოვს, რომ სახლი ძალიან ახლოს არის ამ კლუბთან. ვერაფრით გავიხსენე ეს პარამარიბო, რომ ვუთხრა ტაქსის მძღოლს და მიმიყვანოს. ვეუბნები, მიმიყვანე „პარამპარამპო“, „პარამპიპაპო“, „პარაბამბაბუმბა“… ვერაფრით მივახვედრე სად მივდიოდი. მერე ვეუბნები აფრიკის რომელიღაცა ქვეყნის დედაქალაქი-მეთქი. გადაირია კაცი, საერთოდ ვერ მიხვდა რას ვეუბნებოდი. დავადექი გზას, გადავწყვიტე, მე თვითონ მივსულიყავი სახლში. მახსოვდა, ხიდი მქონდა გასავლელი. ბოლოს ის ხიდი გადავიარე–არ გადავიარე ვეღარ ვიხსენებ. საუბედუროდ, ტელეფონიც არ მქონდა წაღებული, ვიფიქრე, არ დავკარგო–მეთქი. ბოლოს როგორ მივაღწიე სახლამდე, არ მახსოვს.

ზალიკო ბერგერი იბიცაზე

პარიზშიც შემემთხვა ერთი ფაქტი: მარტო ვარ და გადავწყვიტე ეიფელის კოშკის მონახულება. თურმე უნდა იყიდო ბილეთი. მეორე სართულამდე სხვა ფასი აქვს, ბოლომდე რომ ახვიდე – სხვა ფასი. გადავწყვიტე ბოლომდე ავსულიყავი, ისე რა აზრი აქვს ეიფელის ნახვას, თუ ზევიდან არ გადმოხედე პარიზს. თურმე მეორე სართული ნიშნავს, რომ ორი ლიფტი უნდა გამოიცვალო. პირველ სართულამდე რომ ახვიდე, დაახლოებით 32 სართული ფეხით უნდა აიარო. დავიწყე ფეხით ასვლა და ნელ-ნელა ვგრძნობ, რომ დავიღალე, მიჭირს სიარული. ვიფიქრე, უკან მივბრუნდები–მეთქი. მოვტრიალდი და რას ვხედავ, ჩემ უკან არის უშველებელი რიგი და დაბრუნება შეუძლებელია. წინაც დაუსრულებელი რიგია. სხვა გზა არ იყო – ბოლომდე უნდა ავსულიყავი. ამ დროს დაიწყო წვიმა, ამოვარდა ისეთი ქარი, რომ იქცევა იქაურობა, ლამის რკინის მთელი კონსტრუქცია გადააყირაოს. ამ წვიმაში და ქარში დიდი ტანჯვით ავედი ბოლომდე. ალბათ საათზე მეტი ვიარე. იქიდანაც ძლივს ჩამოვაღწიე დაბლა. პარიზი ყველასთვის სიყვარულთან და სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება, ჩემ შემთხვევაში კი ცოტა რთულად მოხდა ყველაფერი. კარგი იქნებოდა სასიამოვნო ამინდი დამმთხვეოდა. ან მარტო რომ არ ვყოფილიყავი და ასე მტკივნეულად არ აღმექვა ეს ყველაფერი…

– ყველაზე ეგზოტიკური კერძი რომელ ქვეყანაში გაგისინჯავთ?

– სხვათა შორის, ყველაზე უცნაური კერძი თბილისში, ჩეხურ რესტორანში გავსინჯე. ეს იყო ბაყაყი. ისე იყო გაკეთებული, რომ ვერც ვიგრძენი, თუ ბაყაყს მივირთმევდი. ჯერჯერობით ჩინეთში არ ვარ ნამყოფი, სადაც ცოცხალ, თვალებდაჭყეტილ ბაყაყს ჭამენ. იმას ვერასოდეს გავსინჯავ.

ზოგადად ზღვის პროდუქტები ძალიან მიყვარს. ბაქოში ვიყავი მეგობართან სტუმრად და ყუთით მოუტანეს ცოცხალი კიბორჩხალა. ისეთი საზიზღარი სანახავი იყო, მაშინ ვერაფრით ვერ გავსინჯე. თუმცა მერე ძალიან შემიყვარდა.

– საქართველოს გარდა ქვეყანა, სადაც დაუფიქრებლად იცხოვრებდით…

— ასე დაუფიქრებლად საქართველოს გარდა ვერსად ვერ ვიცხოვრებდი. ისე ევროპის ქვეყნებიდან ძალიან მიყვარს იტალია და გერმანია.