კოკსაკის ვირუსი, რომლის პირობითი სახელწოდებაა Hand-foot-and-mouth disease (HFMD - "ხელი-ფეხი-პირი") ყველაზე ხშირად ჩვილ და სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ემართებათ.
კოკსაკი არის ქალაქის დასახელება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც პირველად დაფიქსირდა იმ პერიოდში უცნობი ვირუსით გამოწვეული პოლიომიელიტის მსგავსი დაავადების ეპიდემია.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ინფექციური საავადმყოფოები პერიოდულად ლამის პირთამდე ივსება ავადმყოფებით, მათ შორის, კოკსაკის ვირუსით დასნებოვნებულებით, გადავწყვიტეთ გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ დაავადების შესახებ.
HFMD-ს სიმპტომები
როგორც წესი, დაავადება პირში მტკივნეული წყლულებითა და ხელ-ფეხზე გამონაყარით ვლინდება, ოღონდ ეტაპობრივად.
მისი სიმპტომებია:
ციებ-ცხელება;
დაქვეითებული მადა;
ყელის ტკივილი;
ზოგადი სისუსტე;
წყლულები პირში;
გამონაყარი ბრტყელი, წითელი ლაქების სახით ხელისგულებზე, ტერფის ძირებზე, ხანდახან მუხლებზე, იდაყვებზე, დუნდულებზე ან სასქესო ორგანოების მიდამოებში.
აღსანიშნავია, რომ დაავადება შედარებით იშვიათად უფროსი ასაკის ადამიანებშიც ჩნდება. ზოგ პაციენტს შესაძლოა საერთოდაც არ აღენიშნებოდეს გარეგნული სიმპტომები, მაგრამ ის მაინც არის ვირუსის მატარებელი და, შესაბამისად, ავადმყოფობის გადამტანი.
არის თუ არა HFMD საშიში დაავადება?
როგორც წესი, HFMD მსუბუქად მიმდინარეობს და თითქმის ყველა დასნებოვნებულს მკურნალობის გარეშე 7–10 დღეში აღუდგება ჯანმრთელობა.
გართულება უკიდურესად იშვიათად ხდება, რა დროსაც ავადმყოფს შესაძლოა განუვითარდეს ვირუსული მენინგიტი, ხოლო კიდევ უფრო იშვითად — პოლიომიელიტის მსგავსი დამბლა ან ენცეფალიტი.
ასეთ დროს ავადმყოფი აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შედეგი სავალალო, ანუ ლეტალური აღმოჩნდეს.
გადამდებია თუ არა HFMD?
დიახ, HFMD გადამდებია და ის გადადის:
მჭიდრო კონტაქტით — კოცნით, ჩახუტებით, საერთო ჭურჭლით;
ხველებითა და ცემინებით;
ფეკალიებთან კონტაქტით, მაგალითად, ბავშვისთვის საფენის გამოცვლისას;
წყლულის სითხესთან კონტაქტით;
დავირუსებულ ზედაპირებთან კონტაქტით.
HFMD-თი დაავადებულები განსაკუთრებით გადამდებები არიან პირველი კვირის განმავლობაში, თუმცა ვირუსის გავრცელების საფრთხე შესაძლოა სიმპტომების გაქრობიდან კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაშიც შენარჩუნდეს.
როგორ ვუმკურნალოთ HFMD-ს?
ამ დაავადებისთვის მკურნალობის სპეციალური კურსი არ არსებობს. ციებ-ცხელება შეიძლება ვაკონტროლოთ სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით, მაგალითად, პარაცეტამოლითა და იბუპროფენით. ავადმყოფმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, რათა ორგანიზმის გაუწყლოება არ დაემართოს.
შესაძლებელია თუ არა HFMD-თი დასნებოვნების თავიდან აცილება?
HFMD-ს საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, თუმცა დასნებოვნების რისკი შესაძლებელია რამდენიმე უბრალო წესის დაცვით შევამციროთ:
დაიბანეთ ხელები საპნით შეძლებისდაგვარად ხშირად, დაახლოებით 20 წმ-ის განმავლობაში, განსაკუთრებით, ბავშვისთვის საფენის გამოცვლის შემდეგ;
ნუ შეეხებით დაუბანელი ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს;
მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტებს დასნებოვნებულებთან: კოცნას, ჩახუტებასა და საერთო ჭურჭლით სარგებლობას;
ხშირად გაუკეთეთ დეზინფექცია ისეთ საგნებს, რომლებსაც მუდმივად იყენებთ. მაგალითად, სათამაშოებსა და კარების სახელურებს. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენს გარშემო ვინმე ავადმყოფობს.