თბილისი, 14 მარტი – Sputnik. „კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა და მისი საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა პროკურატურას გადაეგზავნა, იუწყება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
სამინისტროს ცნობით, აუდიტორული შემოწმების შედეგად კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები და სხვა დარღვევები გამოვლინდა.
„შემოწმების შედეგად გამოვლინდა კინოცენტრის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, სავარაუდო ნეპოტიზმის ფაქტები, კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყებაში განაცხადეს, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შესაბამისობისა და ფინანსური აუდიტი 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა.
საქმიანობის შემსწავლელი აუდიტის დასკვნა შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს პროკურატურას გადაეგზავნა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტი ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას დასკვნაში მითითებულ არაერთ გარემოებასთან დაკავშირებით.
უწყების ცნობით, ახალი ხელმძღვანელის შერჩევამდე კინოცენტრის დირექტორის უფლებამოსილებას კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე კარლო სიხარულიძე შეასრულებს.