პროკურატურამ რიკოთზე მომხდარი საზარელი ავარიის დეტალები გაასაჯაროვა

უწყების ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ავტომობილში მყოფი ოთხი პატრულ-ინსპექტორიდან სამი დაიღუპა.
Sputnik
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე მომხდარ საზარელ ავარიაში ერთი პოლიციელი გადარჩა, იუწყება გენერალური პროკურატურა.
პროკურატურის ინფორმაციით, ავარია 10:45 საათზე მოხდა. ერთმანეთს შეეჯახა ორი ავტომობილი - საპატრულო პოლიციის მანქანა და Ford Transit-ის მარკის ევაკუატორი.
უწყების ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ავტომობილში მყოფი ოთხი პატრულ-ინსპექტორიდან სამი დაიღუპა.
გადარჩა ერთი პატრულ-ინსპექტორი, რომელიც ევაკუატორის მძღოლთან ერთად კლინიკაში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
პროკურატურა ავარიის გამომწვევს მიზეზებს არ აზუსტებს.
წყარო - გენერალური პროკურატურა.