თბილისი, 11 მარტი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი.
უამინდობის გამო გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს შემდეგ მონაკვეთებზე:
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი) ყოველდღე 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ნაქერალას უღელტეხილსა და საჩხერე–ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეზღუდვები მოქმედებს ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 70-186 კმ მონაკვეთზე (ხაიში–უშგული), სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. მესტია–უშგულის მონაკვეთზე კი მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ზუგდიდი–ხაიშის საავტომობილო გზაზე.
ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.