ირინა ალქსნისი
რუსეთიდან უცხოური ბიზნესის მასობრივმა გადინებამ, გარდა ბევრი სხვა შედეგისა, დაამსხვრია ორი მითი, რომელიც მსოფლიომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ისე დაიჯერა, რომ მას უპირობო და უდავო ჭეშმარიტებად აღიქვამდა.
პირველი - საუბარია პოპულარულ თეორიაზე, რომ ტრანსნაციონალური კომპანიები წარმოადგენენ ლიდერებს, ორგანიზატორებსა და მამოძრავებელ ძალას გლობალიზაციის პროცესში, რომლის ფარგლებშიც ისინი უეჭველად ნაციონალურ სახელმწიფოებზე მაღლა დადგებიან და, ბოლოს და ბოლოს, დათრგუნავენ მათ. ბოლო ერთ კვირაში გაირკვა, რომ ნებისმიერ ტრანსნაციონალურ ბიზნესს, როგორი გრანდიოზული, მდიდარი და ძლიერიც უნდა იყოს, აქვს სამშობლო, და როდესაც ის იძლევა ბრძანებას (მაგალითად, დატოვონ ესა თუ ის ქვეყანა), ერთადერთი გამოსავალი მორჩილებაა.
მეორე დამსხვრეული მითი კი ბუნებრივად გამომდინარეობს პირველიდან: რომ ბიზნესი, მით უმეტეს, მსხვილი კორპორაციული, საქმიანობისას ხელმძღვანელობს მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის მოსაზრებით. მასმედია ზედიზედ აქვეყნებს ექსპერტების შეფასებებს რუსეთიდან წასული კომპანიების დანაკარგის შესახებ, რომელიც ათობით და ასობით მილიონ დოლარს შეადგენს, ცალკეულ შემთხვევებში კი მილიარდებსაც აღწევს. თავად ბრენდები თავიანთ გადაწყვეტილებებს ასეთ ფორმულირებას ანიჭებენ: „საქმიანობის დროებით შეჩერება“, რომლის უკანაც ნათლად იკითხება მათი სურვილი, ბოლომდე არ გაიჯახუნონ კარი და ახლო მომავალში დაბრუნდნენ რუსეთის ბაზარზე.
თუმცა რუსეთისთვის მიმდინარე მოვლენები არა მხოლოდ და არა იმდენად შემეცნებითია, რამდენადაც აყენებს მას უზარმაზარი და რთული გამოწვევის წინაშე, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. სახელმწიფოს უახლოეს კვირებსა და თვეებში მოუწევს გაჩენილი ხვრელების ამოსავსებად ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, მასობრივი უმუშევრობის თავიდან ასაცილებლად და საკვანძო დარგების შეუფერხებელი მუშაობის გასაგრძელებლად. შეიძლება აბსურდულად ჟღერდეს, მაგრამ, მაგალითად, „მაკდონალდსის“ წასვლა მართლაც შექმნის საზოგადოებრივი კვების პრობლემებს დიდ ქალაქებში - პრობლემებს, რომლებიც მაქსიმალურად სწრაფად უნდა გადაიჭრას. ზედმეტია ლაპარაკი სხვა სტრატეგიულ დარგებზე.
რუსეთის ყველაზე მწვავე ამოცანების გარდა, მიმდინარე მოვლენების ჭრილში პრინციპულად უნდა გადაიხედოს სახელმწიფო მიდგომა უცხოური ინვესტიციების მიმართ.
წინა პერიოდში, რომელიც ბოლო ორ კვირაში თვალსა და ხელს შუა წარსულს ჩაბარდა, მუშაობდა კლასიკური ლიბერალიზმის მარტივი ლოგიკა:
უცხოური ინვესტიციები - ძალიან კარგია, ვინაიდან ნაციონალურ ეკონომიკაში ფული შემოაქვს, რომელიც ამის გარეშე არ იარსებებდა, და ამით მის განვითარებას უწყობს ხელს.
შეზღუდვები ინვესტორებისთვის - ცუდია, რადგან ამცირებს მათ სურვილს, დააბანდონ თანხები.
იმას, რომ გარეგნულად ამ რბილ მიდგომას მეორე მხარეც ჰქონდა, ბევრი ადრეც ხვდებოდა. მაგრამ სწორედ ახლა, როდესაც უცხოური ბიზნესი მასობრივი წასვლით ცდილობს ეკონომიკის მთელი დარგების ჩახშობას, ქვეყნის დესტაბილიზაციას დღევანდელი „ჯოჯოხეთური“ სანქციების წყალობით, უცხოური ბიზნესის საქმიანობის მიმართ შეუზღუდავი და უგუნური მიდგომის საფრთხე გააცნობიერა არა მხოლოდ რუსეთმა, არამედ ძალიან ბევრმა ქვეყანამ.
ესე იგი, დღის წესრიგში მწვავედ დგას ახალი წესების შემუშავების საკითხი ქვეყანაში უცხოური კომპანიებისა და მათი საქმიანობის მიმართ.
რასაკვირველია, ამ სფეროში გარკვეული საკითხები მსოფლიოში უკვე დამუშავებულია.
ამ მიმართულებით დიდი ხანია აქტიურად მუშაობს ჩინეთი. იქ არის მთელი სია დარგებისა, რომლებშიც უცხოური ინვესტიციები აკრძალულია. მაგალითად, ჩინეთში კერძო საგანმანათლებლო მომსახურების ბაზრის რეფორმირების შარშანდელი გახმაურებული სკანდალი უკავშირდებოდა, მათ შორის, განათლების სფეროდან უცხოელი ინვესტორების გაძევებას. გარდა ამისა, ჩინეთში უცხოურ ფირმებს პრაქტიკულად არ შეუძლიათ მუშაობა წარმომადგენლობების მეშვეობით - სრულფასოვანი საქმიანობისთვის კომპანია, თუნდაც ასპროცენტიანი უცხოური კაპიტალით, ვალდებულია რეგისტრირებული იყოს ქვეყანაში.
თუმცა, ახალთახალი რუსული გამოცდილების გათვალისწინებით, არსებობს ეჭვი, რომ პეკინი გაამკაცრებს წესებს, ვინაიდან, როგორც აღმოჩნდა, ქვეყანაში ბიზნესის რეგისტრაციაც არ იძლევა გარანტიას, რომ ის ერთ მშვენიერ დღეს არ დაიხურება სათავო კომპანიის ბრძანებით.
რუსეთისთვის კი რეალური დროის რეჟიმში ეს კიდევ უფრო აქტუალურია.
შესაძლოა, სხვა ქვეყნების არასტანდარტული გამოცდილების გაზიარება აზრს მოკლებული არ იყოს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა არაბთა გაერთიანებული საამიროები.
2019 წელს ამ სახელმწიფომ უცხოური ინვესტიციების აქტიურად მოსაზიდად ეკონომიკური კანონმდებლობის საგრძნობი ლიბერალიზაცია გადაწყვიტა: გარკვეული პირობებით დაუშვა კომპანიების შექმნა მთლიანად უცხოური კაპიტალით.
საქმე ისაა, რომ მანამდე უცხოელი ინვესტორები ვალდებული იყვნენ შეექმნათ ერთობლივი საწარმოები სახელმწიფოს ან საამიროების მოქალაქეების მონაწილეობით, თანაც ამ უკანასკნელთა წილი უნდა ყოფილიყო არანაკლებ 51%. ეს ნორმა ზოგ შემთხვევაში დღემდე მოქმედებს, მაგრამ 2019 წლის კანონმა პროცესში ცვლილებები შეიტანა.
მაშინ ეკონომისტები და ბიზნესმენები ერთხმად მიესალმნენ უცხოური კაპიტალისთვის შეზღუდვების მოხსნას, რაც საამიროებში მის შედინებას შეუწყობს ხელს.
თუმცა 2022 წლის გადასახედიდან სიტუაცია რამდენადმე განსხვავებულია - ფული უცხოეთიდან არა მხოლოდ ეხმარება ეროვნული ეკონომიკის განვითარებას, არამედ, როგორც მოვლენებმა აჩვენა, ემუქრება მის უსაფრთხოებას. ასე რომ, შესაძლოა, საამიროების ხელისუფლება თავდაპირველად მართალი იყო. მათი გამოცდილების გაზიარებას აზრი აქვს, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებთან ადაპტაციის პირობით.
შეიძლება იმაზე მსჯელობა, არის თუ არა აუცილებელი, რუსეთის მოქალაქეები ფლობდნენ ერთობლივი საწარმოს აქციების 51 პროცენტს, თუ შეიძლება ნაკლები პაკეტით დაკმაყოფილებაც, რომელიც უბრალოდ შესაძლებელს გახდის კომპანიის მმართველობის ჩანაცვლებას მესაკუთრეების მოულოდნელი წასვლის შემთხვევაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქმიანობის კოლაფსი. მაგრამ რუსულ ბაზარზე შემოსვლის მსურველი ნებისმიერი უცხოური კაპიტალისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ საკანონმდებლო მოთხოვნის შემუშავება სულ უფრო ადეკვატური ჩანს დღევანდელ რეალობებში.
ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ნაციონალური ეკონომიკის უსაფრთხოების გასაძლიერებლად ნებისმიერ მოსაზრებაზე გაიგონებდით არაერთი ექსპერტის დამცინავ კომენტარებს პარანოიკებზე, რომლებსაც არ ესმით, როგორ მუშაობს მსოფლიო ეკონომიკა, თავისუფალი ბაზარი და ეკონომიკური ლიბერალიზმის კანონები, ამის ნაცვლად კი კონცენტრირებას ახდენენ გამოგონილ საფრთხეებზე, რომლებიც თითქოსდა ემუქრება ქვეყანას.
ამ დღეებში კი გამოჩნდა, რომ პარანოიკები მართალი აღმოჩნდნენ და საფრთხეები სულაც არ არის გამოგონილი. დასავლეთმა დაამტკიცა, რომ არავითარი წესები არ არსებობს, საბაზრო კანონები არ მუშაობს, თვითნებობა და ექსპროპრიაცია კი, მოტივირებული „რევოლუციური საჭიროებით“, არასასურველი ადამიანებისა და ქვეყნების ძარცვის სავსებით მოქმედი მეთოდია.
ესე იგი, რუსეთი, ისევე, როგორც ათობით სხვა სახელმწიფო, რომელიც იცავს თავის დამოუკიდებლობას დასავლეთისგან, უსაფრთხოებასა და უცხოურ ინვესტიციებს შორის არჩევანის გაკეთებისას უბრალოდ ვალდებულია არჩევანი პირველზე შეაჩეროს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე