„კლიენტი ყოველთვის მართალია“ – მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი დაიხვეწება

საქართველოში განისაზღვრება მომხმარებელთა გარანტირებული უფლებები საქონლის შეძენისას და მომსახურებით სარგებლობისას.
Sputnik
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტებმა „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის განახლებული პროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. კანონპროექტის კენჭისყრაზე გატანა მომავალ კვირაში იგეგმება.
კანონის განახლებული პროექტი წარმოადგენს „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ მოქმედი კანონის განახლებულ ვერსიას, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება.
კერძოდ, საქონლის შეძენისას მომხმარებელს ექნება გარანტია, რომ საქონელი აკმაყოფილებს ხარისხის დაწესებულ სტანდარტებს, არ აქვს გასული საგარანტიო ვადა და შეესაბამება მომხმარებლის მოთხოვნებს.
ამასთან, გამყიდველი არ არის პასუხისმგებელი საქონლის ხარისხზე იმ შემთხვევაში, თუ ის შეძლებს დაამტკიცოს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი მომხმარებლის მოთხოვნები, საქონლის ქარხნული მახასიათებლების ცვლილებები და ვერ დაარწმუნა მომხმარებელი, უარი ეთქვა შეუსაბამო საქონლის შეძენაზე.
კანონის პროექტი ითვალისწინებს ასევე საქონლის დაბრუნების შესაძლებლობას, რაც მოქმედ რედაქციაში არ არის გაწერილი. თუ საქონელი წუნიანი აღმოჩნდება, გამყიდველი ვალდებული იქნება გამოცვალოს, შეაკეთოს ან ფასი დააკლოს, ან უკან დაუბრუნოს თანხა მომხმარებელს.
ამასთან, მომხმარებელს უფლება ექნება, მოითხოვოს თანხის დაბრუნება ან ფასის დაკლება საქონელზე, თუ გამყიდველი ან სავაჭრო ობიექტი ვერ შეძლებს საქონლის გამოცვლას ან გონივრულ ვადაში შეკეთებას. თუმცა თანხა არ დაუბრუნდება მომხმარებელს, თუ წუნი უმნიშვნელო აღმოჩნდება.
ტანსაცმლის მაღაზიები
გარდა ამისა, კანონპროექტი აწესებს ახალ პირობებს საგარანტიო ფურცლის გასაცემად. პროექტის თანახმად, ეს იქნება არა მაღაზიის ბეჭედდასმული ქაღალდი და სერვის-ცენტრების მისამართები, არამედ დეტალური ინფორმაციის შემცველი ფურცელი, რაც მოიცავს გარანტიას, თუ რა უფლებები აქვს მომხმარებელს, ასევე მისი მოქმედების ვადას.
კანონპროექტში დაცულია იმ მომხმარებელთა უფლებებიც, რომლებიც საქონელს ან მომსახურებას დისტანციურად ყიდულობენ. ახლა ონლაინ-მაღაზიებიც ვალდებული იქნებიან, დაიბრუნონ საქონელი ორი კვირის განმავლობაში. თუმცა ეს არ შეეხება ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ საქონელს, მალფუჭებად პროდუქციას და საქონელს, რომლის შენახვის პირობებსაც მომხმარებელი დაარღვევს.
გარდა ამისა, საქართველოში აიკრძალება ვაჭრობა, რომლის დროსაც მომხმარებელს საქონლის, ფასწარმოების და პროდუქციის მომსახურების შესახებ არასრული ინფორმაციის მიწოდების გზით ატყუებენ.
ასევე საქართველოში აიკრძალება ე.წ. აგრესიული ვაჭრობა, როდესაც მომხმარებელს აიძულებენ ნივთის შეძენას მუქარის ან სხვა ზემოქმედების გზით.
მომხმარებლების უფლებებს დაიცავს კონკურენციის სააგენტო. პროექტის თანახმად, ის მიიღებს საჩივრებს მომხმარებლებისგან და ათი სამუშაო დღის ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას თითოეულ საჩივარზე.
დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მოვაჭრეს დაეკისრება. თავდაპირველად მას ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცემა დრო და თუ მოვაჭრე არ გამოასწორებს ხარვეზს, მას სავაჭრო ბრუნვის არაუმეტეს 2%-ით დააჯარიმებენ. თუ შემთხვევა ერთი წლის განმავლობაში გამეორდება, ჯარიმა გაორმაგდება.