Vinexpo America-ზე ქართული ღვინის 23 კომპანიაა წარმოდგენილი

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს.
Sputnik
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა Vinexpo America-ზე ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი 23 კომპანიაა წარმოდგენილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს არის ქართული ღვინის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო წარდგენა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ.
გამოფენის ფარგლებში სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

„ბაზრების დივერსიფიკაცია და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე დასამკვიდრებლად ქართველი მწარმოებლებისთვის ეს გამოფენა კიდევ ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი სავაჭრო პარტნიორებისა და მომხმარებლების მოსაძიებლად“, – განაცხადა მეხუზლამ.

მისი თქმით, აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით სახელმწიფო მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას.
იანვარში საქართველოდან ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა
აშშ ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია, ამიტომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ღვინის კერძო მწარმოებლებთან თანამშრომლობით ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აწარმოებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად ექსპორტი ბოლო 7 წელია სტაბილურად მზარდია. 2021 წელს დაფიქსირდა აშშ-ში პროდუქციის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი – 1 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო.
წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო