თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ჯუანშერ ბურჭულაძე და ალექსეი რეზნიკოვი 16 მარტს ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების თათბირში მიიღებენ მონაწილეობას.
როგორც ალიანსის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება ორგანიზაციის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თავმჯდომარეობით. საქართველოსა და უკრაინის გარდა შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრები.
დიდი ალბათობით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა უკრაინაში განვითარებული მოვლენები იქნება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ახალი მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.