საქართველოდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი ხვალ გაიგზავნება

უკრაინის მოქალაქეების მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს.
Sputnik
თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა, ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, თბილისში მოქმედებს ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი, სადაც უკრაინისთვის გროვდება არამალფუჭებადი საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, პირველადი მოხმარების ნივთები.
უწყების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი თბილისში არის დასაწყობებული, ხოლო დასავლეთის ტვირთმა ფოთის ტერმინალში მოიყარა თავი.
კოორდინაციის პროცესს თბილისში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მერაბ გამყრელიძე ხელმძღვანელობდა, ფოთში - სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.
„ჰუმანიტარული ტვირთი არამალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების, სამედიცინო ნივთებისა და მედიკამენტებისგან შედგება. ტვირთის მობილიზების პროცესში სახელმწიფო უწყებებთან ერთად აქტიურადაა ჩართული კერძო და სამოქალაქო სექტორი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგროვილი ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ წამოიწყო.
რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მალევე უკრაინამ თავის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
წყარო - პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური