თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველოში ამჟამად არ არსებობს კვების პროდუქტების დეფიციტი, ამიტომ მოსახლეობამ პანიკურად არ უნდა შეისყიდოს ის, რათა ხელოვნურად არ შექმნას ფასების გაზრდის წინაპირობა. ამის შესახებ „რიტეილერთა ასოციაციის“ (Retail Association) გამგეობის თავმჯდომარემ მირანდა მანჯგალაძემ განაცხადა.
ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოს მოსახლეობა ყიდულობს შაქარს, მარილს, ზეთსა და მარცვლეულს იმის შიშით, რომ ეს საქონელი უკრაინის მოვლენების გამო დეფიციტური გახდება.
„ვთხოვ მოსახლეობას, პანიკურად ნუ შეისყიდიან პროდუქციას, რადგან ბაზარზე შეიქმნება ხელოვნური დეფიციტი, რაც ნიშნავს იმას, რომ დახლზე პროდუქტი არ დახვდებათ“, – განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ „TV პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, მოთხოვნის გაზრდა გამოიწვევს პროდუქტზე ფასის ხელოვნურ ზრდას. მან მოუწოდა მოსახლეობას, შეიძინოს მხოლოდ ის პროდუქტი, რომელიც მათ ნამდვილად ესაჭიროებათ.
„არცერთი პროდუქტის დეფიციტი არ დადგება“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მუშაობს იმაზე, რომ ქვეყანაში პროდუქციის დეფიციტი არ შეიქმნას.
„გუშინ შაქარზე, მარილსა და ზეთზე დეფიციტი წარმოიქმნა, თუმცა გუშინ იყო 8 მარტი, ისვენებდნენ დისტრიბუტორები და დეფიციტი გარკვეულწილად ამითაც იყო გამოწვეული“, – განმარტა მანჯგალაძემ.
ამასთან, იმპორტიორები აცხადებენ, რომ, „უხეში გათვლებით“, მათ შაქრის, მარილის და ზეთის თვე-ნახევრის მარაგები აქვთ, აღნიშნა მირანდა მანჯგალაძემ.
შაქრის ფასი მსოფლიოში ბოლო წელიწადში 17%-ით გაიზარდა. ესაა რეკორდული მაჩვენებელი 2016 წლის შემდეგ. უკრაინა–რუსეთის კრიზისის შემდეგ შაქარი 5%-ით გაძვირდა. საქართველოში შაქრის მთავარი ექსპორტიორი ბრაზილიაა, უკრაინა მხოლოდ მე-8 ადგილზეა, რუსეთი – მე-12-ზე.