COVID-19 - ბოლო ცნობები

მოულოდნელად: ევროპაში კორონავირუსის ახალი შტამი – „დელტაკრონი“ გაჩნდა

კორონავირუსის ახალი შტამი საფრანგეთში, ნიდერლანდსა და დანიაში გამოავლინეს.
Sputnik
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებულ დაავადებათა სამსახურის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკჰოვემ დაადასტურა ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის ახალი შტამის – „დელტაკრონის“ გაჩენა.

„ეს შტამი გამოვლინდა საფრანგეთში, ნიდერლანდსა და დანიაში. მაგრამ დაფიქსირდა ინფიცირების ძალიან დაბალი დონე“, – აღნიშნა მან ბრიფინგზე.

ჯანმოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, „დელტაკრონი“ გაჩნდა „დელტა“ შტამის AY.4 და „ომიკრონის“ BA.1/BA.2 სუბსახეობების გაერთიანებისას. ჯანმოს სპეციალისტებმა ეს ვარიანტი 7 მარტს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
„დელტაკრონის“ შესახებ ცნობილი გახდა წლის დასაწყისში. კერძოდ, კორონავირუსის ახალი შტამის – „დელტას“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდის გამოვლენის შესახებ ცნობა გაავრცელა კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეცნიერთა ჯგუფმა.
ამასთან, ჯანმოში ყოყმანობდნენ და არ გამორიცხავდნენ შესაძლებლობას, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო შეცდომის – სეკვენირების დროს ნიმუშის დაბინძურების შედეგი. ამიტომ ჩათვალეს, რომ შეიძლება უმჯობესი ყოფილიყო, არ გამოეყენებინათ დასახელება „დელტაკრონი“.