Georgian Airways-ის დირექტორი: „მირის“ ბარათებით ბილეთებს არ ვყიდით

ამჟამად ვებ-გვერდზე კვლავ გადახდის ორი ვარიანტია მითითებული – Visa და Mastercard.
Sputnik
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა „დიდი გაუგებრობა“ უწოდა გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, ყიდის თუ არა ავიაკომპანია ბილეთებს რუსული საგადახდო სისტემა „მირის“ მეშვეობით.
გაიაშვილი მკაცრად გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების პირობებში ბილეთებს „მირის“ სისტემის მეშვეობით ყიდდა. კომპანიის ოფისთან თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციაც გაიმართა.

„ჩვენ არ ვყიდით ბილეთებს. არის კომპანია WebSky.tech-ი, რომელთანაც დადებული გვაქვს ხელშეკრულება და ის ახორციელებს ჩვენი ბილეთების რეალიზაციას. ეს არის უკრაინული კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია ევროპაში, ესპანეთში და აწარმოებს არაერთი ავიაკომპანიის, მათ შორის, ჩვენი ავიაკომპანიის ბილეთების გაყიდვას“, – განაცხადა „ქრონიკის“ ეთერში თამაზ გაიაშვილმა.

მისი თქმით, ქართული ბანკები არ მუშაობენ „მირის“ სისტემასთან, ამიტომ ბილეთების გაყიდვა ამ სისტემის მეშვეობით შეუძლებელია.

„გუშინ დამირეკა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა და მკითხა, ვაწარმოებთ თუ არა ბილეთების გაყიდვას „მირის“ ბარათით. მე ვუპასუხე, რომ არ ვიცი, მაგრამ რომც ვაწარმოებდეთ, რა?“ – აღნიშნა გაიაშვილმა.

რადიოს საიტზე გამოქვეყნებული ინტერვიუს თანახმად, გაიაშვილმა აღნიშნა, რომ არ წარმოადგენს სახელმწიფოს, აქვს კერძო კომპანია და არ არის ვალდებული, შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს. ამასთან, გამოქვეყნდა „ჯორჯიან ეარვეისის“ საიტიდან სკრინშოტი, რომელზეც გადახდის სხვა სისტემებთან ერთად მითითებულია სისტემა „მირი“.
ამჟამად საიტზე გადახდის მხოლოდ ორი ვარიანტია მითითებული – Visa და Mastercard.
გასულ კვირაში საერთაშორისო სისტემებმა VISA და Mastercard-მა რუსეთში ოპერაციების შეჩერების შესახებ განაცხადეს. მოგვიანებით რუსელმა „ალფა-ბანკმა“ განაცხადა, რომ VISA და Mastercard-ის ბარათები კვლავ იმუშავებს იმ ქვეყნებში, სადაც რუსული საგადახდო სისტემა „მირის“ ბარათები მიიღება. ეს არის თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სომხეთი, ვიეტნამი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
საქართველომ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეს საქართველოს უფრო მეტად დააზარალებდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები, გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ და სხვ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპასუხოდ არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.