ფრიდონ ინჯია საქართველოში საგადახდო სისტემა „მირის“ ამოქმედების ინიციატივით გამოდის

ამჟამად რუსეთში გაცემული VISA და Mastercard-ის ბარათები საქართველოში არ მოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. პარტია „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ფრიდონ ინჯია საქართველოში რუსული საგადახდო სისტემა „მირის“ ბარათების ამოქმედების ინიციატივით გამოვიდა.
რუსეთში გაცემული VISA და Mastercard-ის ბარათები საქართველოში არ მოქმედებს – მათი საშუალებით შეუძლებელია თანხის განაღდება ან მომსახურების თუ საქონლის შეძენა. ამ საერთაშორისო სისტემებმა რამდენიმე დღის წინ რუსეთში ოპერაციების შეჩერების შესახებ განაცხადეს.

„ხომ არ დადგა დრო, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, რომ „მირის“ სისტემას შევუერთდეთ?“ – დასვა კითხვა ინჯიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი საქართველოს ფასების ზრდისგან დაიცავს.
„როგორც მე გავიგე, ხორბლის ორი თვის მარაგი გვაქვს დარჩენილი, ჩვენ ოქროს ფასი არ უნდა დაგვიჯდეს ეს ყველაფერი. ნავთობის 40% რუსეთიდან მოდის, ამ მხრივ ჩვენ რაღაცნაირად გადავიდეთ და დავიწყოთ მოლაპარაკება, რათა ფეხზე დავდგეთ, გარკვეული მოგება მივიღოთ“, – აღნიშნა ინჯიამ.
მანამდე რუსულმა „ალფა-ბანკმა“ განაცხადა, რომ VISA და Mastercard-ის ბარათები კვლავ იმუშავებს იმ ქვეყნებში, სადაც რუსული საგადახდო სისტემა „მირის“ ბარათები მიიღება. ეს არის თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სომხეთი, ვიეტნამი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები, გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ და სხვ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპასუხოდ არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.