თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ამერიკულ კომპანიებს თვე-ნახევარი ეძლევათ არსებული კონტრაქტების შესასრულებლად, სანამ რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე აკრძალვა ძალაში შევა, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ჯენ პსაკიმ.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძალებულებას რუსეთიდან ყველანაირი ენერგომატარებლის იმპორტის აკრძალვაზე.
„[პრეზიდენტის ბრძანებულება] კრძალავს ახალ კონტრაქტებს. არსებული კონტრაქტების შესასრულებლად მათ 45 დღე ექნებათ. ახალი კონტრაქტების გაფორმება იკრძალება“, — განაცხადა პსაკიმ.
შეერთებული შტატების ენერგეტიკული ინფორმაციის სააგენტოს ცნობით, გასულ წელს რუსულმა ნავთობმა ქვეყანაში იმპორტირებული ენერგომატარებლების მთლიანი მოცულობის 3% შეადგინა, რაც დღეში 600 ათასი ბარელის ეკვივალენტურია.
პრეზიდენტმა ბაიდენმა გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ანტირუსული სანქციების გამო ქვეყანაში ენერგომატარებლების ფასი აიწევს, თუმცა, როგორც იქვე აღნიშნა, ეს ნაბიჯი „კიდევ ერთ მძლავრ დარტყმას მიაყენებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სამხედრო მანქანას“. ამასთან ამერიკის ლიდერმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს მოსახლეობის ეკონომიკური ზარალის მინიმუმამდე დასაყვანად.
მანამდე რუსულ ნავთობზე უარი განაცხადა დიდმა ბრიტანეთმაც. ლონდონი რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტს 2022 წლის ბოლოსთვის შეაჩერებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები, გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ და სხვ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპასუხოდ არამეგობარი ქვეყნების ახალი სია დაამტკიცა, რომელშიც მსოფლიოს 48 ქვეყანაა შესული.