ხაინდრავა: მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე დგას

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არასამთავრობო სექტორი და რიგი მედიასაშუალებები ცდილობენ ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევას, განაცხადა ხაინდრავამ.
Sputnik
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. დღეს მსოფლიო ბირთვული ომის საფრთხის წინაშე დგას, ამიტომ თითოეულმა ქვეყანამ პირველ რიგში საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს, განაცხადა ქართველმა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუსეთმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო მოქმედებები“ 24 თებერვალს, დილით ადრე დაიწყო. რუსეთის მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის ოპერაცია" და უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ შედის რუსეთის ფედერაციის გეგმებში.

„მსოფლიო ლიდერების განცხადებებიც იმაზე მეტყველებს, რომ საფრთხე რეალურია და ყველა ცდილობს დაიცვას თავისი ქვეყანა, როგორმე თავიდან აიცილოს საფრთხე, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა – ეს არის ბირთვული საფრთხე. ჩვენ მესამე მსოფლიო ომის დაწყების მოწმენი ვართ", – განაცხადა ხაინდრავამ.

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და რიგი მედიასაშუალებები ცდილობენ მის ჩათრევას კონფლიქტში.
„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და პროპაგანდისტული ტელეარხები ცდილობენ საქართველოს ჩათრევას ამ კონფლიქტში. ისინი ყველანაირად ცდილობენ საქართველოს გარშემო შექმნან განწყობა, თითქოს საქართველო მხარს უჭერს რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ გამოდის“, – აღნიშნა ხაინდრავამ.
თავისი სიტყვების დასტურად რეჟისორმა მოიყვანა უმაღლესი რადას დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს მიმართვა, რომელმაც მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას, ხელში აიღოს იარაღი და აღადგინოს სამართლიანობა, ტერიტორიული მთლიანობა.
ხაინდრავას თქმით, ამის შემდეგ გონჩარენკო „ოპოზიციური არხების ვარსკვლავი გახდა".

„ყოველდღე ვხედავთ, როგორ მიზანმიმართულად მიმდინარეობს ომის პროპაგანდა, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს ყველაფერი ხდება არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი, დაწყებული ევროპის საბჭოდან, ევროპარლამენტიდან, აშშ-დან, ვენიდან, ბრიუსელიდან ავრცელებენ დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ყოველდღე თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან უკრაინის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქციები იმართება. მიტინგებზე სულ უფრო ხშირად ისმის ანტისამთავრობო ლოზუნგები.