ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით 14 მარტს წარდგება

პრეზიდენტის გამოსვლის თარიღის განსაზღვრა პარლამენტის ბიუროს კომპეტენციაში შედის.
Sputnik
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური ანგარიშით 14 მარტს მიმართავს.
აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია.
პრეზიდენტის წლიური ანგარიშით გამოსვლასთან დაკავშირებით ხვალ პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება და 14 მარტს სხდომა იქნება მოწვეული.
სალომე ზურაბიშვილი წლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე 5 მარტს უნდა გამოსულიყო, თუმცა ამ თარიღს საქართველოს პარლამენტის ბიურომ მხარი არ დაუჭირა.
კერძოდ, ბიურომ გადაწყვიტა, არ მოეწვია პარლამენტის სხდომა სპეციალურად პრეზიდენტისთვის და შესთავაზა ალტერნატიული თარიღი – მომდევნო პლენარული კვირის სამშაბათი.
სალომე ზურაბიშვილისთვის ეს იქნება რიგით მეოთხე გამოსვლა სახელმწიფოს მეთაურის რანგში დეპუტატების წინაშე. პირველი გამოსვლა 2019 წლის მარტში შედგა.