თბილისი, 7 მარტი — Sputnik. ენერგომიმწოდებელი და ენერგოგამანაწილებელი კომპანიების - „თელასისა" და „თელმიკოს" აბონენტებს, რომელთაც ზედმეტად დაერიცხათ ელექტროენერგიის გადასახადი, ეს თანხა მომდევნო თვეში გაექვითებათ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) სპეციალისტებმა აღნიშნული კომპანიების შემოწმება, რომელიც 7 თებერვალს დაიწყო, 3 მარტისთვის დაასრულეს. სემეკის მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოქალაქეთა საჩივრები. კერძოდ, საქმე ეხება დეკემბრისა და იანვრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვას, რომელიც არაერთი მომხმარებლის შემთხვევაში გაზრდილი ტარიფით განხორციელდა. პროცესში ჩაერთვნენ ენერგოომბუდსმენის აპარატი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც.
კომპანიაში აღნიშნულ დარღვევებს ადამიანური ფაქტორებით ხსნიან, მარეგულირებლის აზრით კი ეს სისტემური პრობლემებია. სულ გამოვლინდა 10 ათასამდე შემთხვევა.
მთელი ბიზნეს-პროცესის შემოწმებისას გამოვლინდა ფაქტები, როდესაც წამკითხველი ადგილზე არ მივიდა და აბონენტებს დავალიანება წინა თვეების გადასახადებიდან გამომდინარე პირობითად დაარიცხა. ლაბორატორიულმა შემოწმებამ აჩვენა ისიც, რომ მრიცხველების ნაწილი ხარვეზიანი იყო.
ეს უკვე მეორე შემოწმებაა, რომელიც ბოლო დროს ენერგოგამანაწილებელ და ენერგომიმწოდებელ კომპანიებში ტარდება. აგვისტოში არასწორი დარიცხვების გამო „თელასი“ 50 ათასი ლარით, ხოლო „თელმიკო" 75 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. კომპანიას ერთ თვეში დარიცხვების გადაანგარიშება უნდა გაეკეთებინა და კომისიისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა, რაც შესრულდა. მაგრამ ოქტომბერში არასწორი დარიცხვების გამო მან კიდევ ერთი შენიშვნა მიიღო.
2021 წლის დეკემბერში კომპანიამ დარიცხვების ახალ სისტემაზე გადასვლის შესახებ განაცხადა. ცვლილების მიხედვით, კომპანიის თანამშრომლებმა მრიცხველების ჩვენება თვის ბოლო ოთხ რიცხვში უნდა აიღონ, ხოლო აბონენტებმა ქვითრები მომდევნო თვის 5 რიცხვამდე უნდა მიიღონ.
„თელასი" ერთ-ერთი მსხვილი ენერგოგამანაწილებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც თითქმის 700 ათას მომხმარებელს ემსახურება. 2021 წელს კომპანია „თელასის“ ფუნქციები გაიყო და მომხმარებლის მომსახურების ნაწილში ის კომპანია „თელმიკომ“ ჩაანაცვლა, რომელმაც თბილისში ფუნქციონირება 1 ივლისიდან დაიწყო.
წყარო: Rustavi 2