საქართველოში სტუდენტებისთვის საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. მიმდინარე წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია 7 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება, აღნიშნულია საქართველოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.
რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: online.naec.ge.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვთ შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი.

რეგისტრაციის გავლამდე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური – 10 ლარი. თუ სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილე რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 4 აპრილის 18:00 საათამდე მიმართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება.
რეგიონებში განაცხადი მიიღება საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებში, ასევე ელექტრონულად ფოსტაზე: gancxadebebi@naec.ge.
თუ სტუდენტი ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული, აღნიშნავენ უწყებაში.
წყარო - გამოცდების ეროვნული ცენტრი