საქართველო მოსკოვთან ფარულ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს – მდინარაძე

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარყვეს ინფორმაცია მოსკოვთან ფარული მოლაპარაკებების შესახებ.
Sputnik
თბილისი, 7 მარტი – Sputnik. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ქართული მხარე არანაირ ფარულ მოლაპარაკებას არ აწარმოებს რუსეთთან.
ასე უპასუხა მდინარაძემ კითხვაზე სუკ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის იური შვეცის განცხადების შესახებ. უფრო ადრე იური შვეცმა თავის YouTube–არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც განაცხადა, რომ რიგი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და ირანი კრემლთან საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ მოსკოვის მიერ ანტირუსული სანქციების თავიდან არიდების შესახებ.

„შეურაცხმყოფელი არის კითხვაც კი, რომ რაღაც ფარული მოლაპარაკებებია... წინა დღეებშიც გავრცელდა მსგავსი ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ომის პარალელურად რაღაც მოლაპარაკებები განახლდა, ან ხორციელდება... არანაირი მსგავსი არ ხდება“, – განაცხადა მდინარაძემ ბრიფინგზე ორშაბათს.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით დღეს აბსურდული განცხადებები კეთდება.
დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ გაამკაცრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ საქნციებს, რადგან ეს საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს.