თბილისი, 7 მარტი — Sputnik. რუსეთის მთავრობამ იმ სახელმწიფოებისა და ტერიტორიების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომლებმაც რუსეთის მიმართ არამეგობრული ქმედებები ჩაიდინეს, იუწყება РИА Новости მინისტრთა კაბინეტის განკარგულებაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ჩამონათვალში სულ 48 სახელმწიფოა შესული. ესენია: ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, სან-მარინო, ჩრდილოეთი მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, ჩერნოგორია, შვეიცარია, იაპონია და ევროკავშირის ყველა ქვეყანა.
განკარგულება „ცალკეული უცხოელი კრედიტორების წინაშე ვალდებულებების შესრულების დროებითი პროცედურის შესახებ“ პრეზიდენტ პუტინის 5 მარტის ბრძანებულების ფარგლებში მომზადდა.
დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო, რუსეთის მოქალაქეები და ასევე კომპანიები, რომლებსაც ჩამონათვალში შესული ქვეყნების კრედიტორების მიმართ სავალუტო ვალდებულებები აქვთ, ვალების გასტუმრებას რუბლებში შეძლებენ.
გარდა ამისა, რუსული ფირმების ყველა გარიგებას არამეგობარი ქვეყნების მოქალაქეებთან და კომპანიებთან უცხოური ინვესტიციების კონტროლის სამთავრობო კომისია დაამტკიცებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა, ქვეყნიდან გავიდა არაერთი მსოფლიო ბრენდი.