ზემო ლარსი დღეს: ტრაილერებისთვის მოძრაობა აკრძალულია

ტრაილერებისთვის შეზღუდვები საქართველოს სხვა გზებზეც მოქმედებს
Sputnik
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ქარბუქის და ლიპყინულის გამო შეიზღუდა ტრაილერების მოძრაობა რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 107-116-ე კმ (კობი-ვარდისუბანი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
რაც შეეხება აღნიშნული გზის სხვა მონაკვეთებს, გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება შაბათს აღდგა. მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ტრაილერების და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში ხორციელდება ცალმხრივად.
გარდა ამისა, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ტრაილერების მოძრაობა აღდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზებზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.