თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
თოვლის და ლიპყინულის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია.
მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.