თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დატოვონ უკრაინა ლვოვიდან სპეციალური ავტობუსებით, ნათქვამია საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.
ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით იმოძრავებენ 6-დან 10 მარტამდე უკრაინის დროით ყოველდღე დილის 08:00-დან 09:00 საათამდე. მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეტის N1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.
ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე:+380 (63) 376 77 68 და +380 (63) 376 73 64.
მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ ის პირებიც, რომლებსაც არ გააჩნიათ პასპორტი ან პასპორტს ვადა გაუვიდა. ამისათვის საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ უკრაინაში საკონსულოს, რათა ე.წ. „დაბრუნების დოკუმენტი“ მიიღონ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.