თბილისი, 5 მარტი — Sputnik. რუსეთის ხელისუფლება არ გეგმავს განსაკუთრებული მდგომარეობისა და საგანგებო სიტუაციის რეჟიმის შემოღებას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, წერს РИА Новости.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ პირველი ღონისძიება გამოიყენება ფართომასშტაბიან შიდა საფრთხეებზე საპასუხოდ, ხოლო მეორე - ტექნოგენური ან სტიქიური უბედურების შემთხვევაში.
„მაგრამ, მადლობა ღმერთს, ახლა ასეთი რამ არ გვაქვს. ჩვენ არ ვგეგმავთ რაიმე სპეციალური მდგომარეობის შემოღებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, არ ვგეგმავთ, დღეს ამის საჭიროება არ არის“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთის ავიახაზების საფრენი ეკიპაჟების ქალ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
პუტინმა განმარტა, რომ უკრაინაში მიმდინარე ოპერაციაში არც ერთი წვევამდელი არ მონაწილეობს - მასში მხოლოდ პროფესიონალები არიან ჩართული.
„ამ ოპერაციაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები: ოფიცრები და კონტრაქტორები. არც ერთი წვევამდელი არ არის და ამას არც ვაპირებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ამ ოპერაციაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მამაკაცები, რომლებმაც ნებაყოფლობით გააკეთეს ძალიან საპასუხისმგებლო არჩევანი: ესაა სამშობლოს დაცვა და ისინი ამ ამოცანას ასრულებენ", - დასძინა პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.
წყარო - РИА Новости.