თბილისი, 4 მარტი – Sputnik. ძლიერმა ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შექმნა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საბურთალოს რაიონში ძლიერმა ქარმა რამდენიმე მისამართზე სახლებს სახურავები გადახადა. სტიქიის შედეგად ნაძალადევის რაიონში ავარიული შენობის ფრაგმენტი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სტიქიის გამო ძირითადად საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დაზარალდა. გარკვეულ ადგილებში წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროენერგიისა და ინტერნეტის სადენები, ასევე ბუნებრივი აირის მილები.
ამასთან, აღმაშენებლის ხეივანში საქართველოს სახელმწიფო დროშა დაზიანდა, რომლის აღდგენაც, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ქარის ჩადგომის შემდგომ მოხდება.
თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მიმდინარეობს ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა.
თბილისის ათივე რაიონში გამგეობის თანამშრომლები შემთხვევის ადგილებზე იმყოფებიან და მზად არიან დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარონ. „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს ტერიტორიიდან დამტვრეული ხეები და ხის ტოტები გააქვთ.