კობახიძე: კონფლიქტში საქართველოს ჩართვა „ნაცმოძრაობის“ მთავარი სურვილია

ირაკლი კობახიძე გმობს ეთნიკური ნიშნით რუსეთის მოქალაქეების დისკრიმინაციას და სამართალდამცველ უწყებებს მსგავსი ფაქტების აღკვეთისკენ მოუწოდებს.
Sputnik
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ ქვეყანას და ქართველ ხალხს აარიდოს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგები. ხოლო ახალი კამპანია, რომელიც საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყო, ომის დაწყების შესახებ მათ სურვილზე მიუთითებს.

„შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენციაა“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც კრძალავს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას ყოველგვარი დათქმის გარეშე.
მისი თქმით, 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან სამი წლის შემდეგ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ შემოიღო რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და ეს ორმაგი სტანდარტი ნათლად მიანიშნებს, თუ რა რეალური განზრახვა დგას ამ კამპანიის უკან.
კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი მიდგომით საქართველო ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რადგან აღნიშნული კამპანია მიუღებელია ცივილიზებული სამყაროსთვის.
„საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია ამ მასშტაბის კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის. ამგვარი მიდგომით ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის თამჯდომარემ კონკრეტულ შემთხვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან, ან მომსახურების მისაღებად დისკრიმინაციულ პირობებს უწესებენ. ეს კი არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს.
კობახიძემ სამართალდამცველ ორგანოებს მოუწოდა, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისათვის. ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი პირი კი კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ შოვინიზმსა და დისკრიმინაციაში დაადანაშაულა
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებში არ მიიღებს მონაწილეობას.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ. 24 თებერვალს მან გამოაცხადა, რომ დონბასში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ იწყებს. ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთის გეგმებში „არ შედის უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა“.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ.