ჩუმათელეთი–ხუნევის გზის მონაკვეთზე შეზღუდვები მოიხსნა

შეზღუდვები უამინდობის გამო იყო დაწესებული.
Sputnik
თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები ტრანსპორტისთვის მოიხსნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული გზის მონაკვეთის 138-158 კმ მონაკვეთზე (ჩუმათელეთი–ხუნევი) ძლიერი თოვისა და ლიპყინულის გამო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.
უწყების ცნობით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აღდგენილია.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზა ევროპის სატრანზიტო E-60 დერეფნის ნაწილია, რომელიც სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია. ის ბრესტში (საფრანგეთი) იწყება და ირკეშტამში (ყირგიზეთი) სრულდება.
საქართველოში E-60 დერეფანი აზერბაიჯანის საზღვართან იწყება და შავი ზღვის სანაპიროზე, ფოთის პორტთან მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კმ-ია.