თბილისი, 3 მარტი – Sputnik. თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის N5-ში ხვალიდან უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე.
„მზად ვართ იმისთვის, რომ ორგანიზებულად შევაგროვოთ დახმარება, რომელიც უკრაინელ ხალხს ბიზნესისა და მოსახლეობის მხრიდან გაეწევა. გახსოვთ, რომ ჩვენ პანდემიის პერიოდში გვქონდა ლოგისტიკური ცენტრი ბელიაშვილის N5-ში, რომელიც ხვალიდან ამუშავდება და მიიღებს ტვირთებს როგორც ბიზნესისგან, ასევე მოქალაქეებისგან“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
თბილისის მერის მოადგილემ მოქალაქეებს სთხოვა, ბელიაშვილის N5-ში არამალფუჭებადი პროდუქტები მიიტანონ, რადგან ლოგისტიკურად ამ ეტაპზე ძალიან რთულია ადრესატამდე მათი მიტანა.
„ჩვენ ასევე ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის საელჩოსთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტური ლოგისტიკური გზები გამოვნახოთ, რათა ეს დახმარება ადგილზე მივიდეს“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.
დედაქალაქის მერის კიდევ ერთმა მოადგილემ ანდრია ბასილაიამ განაცხადა, რომ თბილისის მერია პირველივე დღეებიდან კომუნიკაციაში იყო დამეგობრებულ და პარტნიორ ქალაქებთან – ოდესასთან, კიევთან და ხარკოვთან.
„ხარკოვი და კიევი ის ქალაქებია, რომლებმაც ომის შედეგები მძიმედ იტვირთეს. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდეს. ამის რეალური საჭიროება არსებობს, რაც კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ჩაერთოს აღნიშნულ აქციაში. ეს ტვირთი გაეგზავნება უკრაინას და, რა თქმა უნდა, ჩვენ პარტნიორ ქალაქებს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სუვერენიტეტი ცნო, ხოლო 24 თებერვალს უკრაინაში „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო.
საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის საქართველოს მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა აქტიურად მიმდინარეობს.
26 თებერვალს პრემიერმა ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად საქართველო სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებულ უკრაინის მოსახლეობას 1 მილიონი ლარით დაეხმარება.
საქართველოს მთავრობამ უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა, რომელიც პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს.
ამ დახმარების ფარგლებში ხორციელდება უკრაინის მოქალაქეების სასტუმროებში უსასყიდლოდ განთავსებაც, „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით ამანათების უსასყიდლოდ გაგზავნა და ა.შ.