შავი ზღვის შელფზე ნავთობის საძიებო სამუშაოები: OMV Petrom-ი დეტალებს ასაჯაროებს

პროექტი სამ ფაზად განხორციელდება და მისი დაწყება მიმდინარე წლის მაისშია დაგეგმილი.
Sputnik
თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ავსტრიული კომპანია OMV Petrom საქართველოს შავი ზღვის შელფზე (ფართობი 5.282 კვ.კმ) ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოებს ჩაატარებს, ნათქვამია კომპანიის ანგარიშში, რომელიც საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა.
საქართველომ და ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია OMV Petrom S.A.-მ 2021 წლის აპრილში ხელი მოაწერეს შეთანხმებას შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის მოძიების და მოპოვების შესახებ.
„გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ ანგარიშის თანახმად, კომპანია თავიდან ძებნა-ძიების სამუშაოებს, შემდეგ კი ტერიტორიის საცდელ ბურღვას დაიწყებს. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევის შედეგებზე, მაგრამ, წინასწარი შეფასებით, ის დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება.
ადგილმდებარეობის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანია საბურღ დანადგარებს ააშენებს.
პროექტი სამ ფაზად განხორციელდება და მისი დაწყება მიმდინარე წლის მაისშია დაგეგმილი. კვლევები 50 დღის მანძილზე გაგრძელდება.
ნავთობისა და გაზის ძიების სამუშაოები საქართველოს ზღვისპირეთიდან 10 კილომეტრში ჩატარდება.
ლობირებს თუ არა ღარიბაშვილი ნავთობის ბიზნესს? მთავრობა განმარტებას აკეთებს
კომპანია არის ავსტრიული ჰოლდინგ OMV-ს (Österreichische Mineralölverwaltung Aktiengesellschaft) ნაწილი, რომელიც 1956 წელს დაარსდა. ეს ნავთობისა და გაზის მომპოვებელი მეორე კომპანიაა სიდიდით ავსტრიაში, ხოლო ევროპაში მეათეა.
კომპანიას უკვე აქვს ნავთობის საბადოების აღმოჩენის წარმატებული გამოცდილება. კომპანიამ რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში აღმოაჩინა „დომინოს“ საბადო, რომლის რესურსის ღირებულება 1,5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებითა და ძებნით ამჟამად 11 ინვესტორი კომპანიაა დაკავებული, რომლებმაც ტენდერების შედეგების საფუძველზე მთავრობასთან პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ 25 ხელშეკრულება გააფორმეს.
წყარო: საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტო