პიოტრ აკოპოვი
რისთვისაა მზად დასავლეთი რუსეთის შესაჩერებლად? მხოლოდ იმ ტოტალური ფინანსურ-ეკონომიკური ომისთვის, რომელიც უკვე გამოგვიცხადეს?
თანაც ისე გამოგვიცხადეს, რომ საკუთარი დანაკარგებისთვის თითქმის არ გაუწევიათ ანგარიში. უფრო სწორად, ამჯობინეს, არც კი ეფიქრათ რუსეთის მსოფლიოს ეკონომიკიდან „ამოხერხვის“ შედეგებზე. „თითქმის“, ვინაიდან ყველაზე მძლავრი იარაღი — ენერგეტიკული იარაღი, ანუ რუსული ენერგომატარებლების ექსპორტის აკრძალვა, ჯერ არ ამოქმედებულა.
ამასთან დასავლეთი მის გამოყენებას არ აპირებს, მაგრამ ძალიან ეშინია, რომ ამ გზას რუსეთი მიმართავს. თუმცა კრემლი არ გეგმავს ნავთობისა და გაზის „ატომური ბომბის“ აფეთქებას. უფრო მეტიც, დასავლურ სანქციებზე ჩვენი პასუხი ჯერჯერობით მინიმალურია.
რატომ? იმიტომ რომ დასავლეთის მიერ უკვე მიღებული ზომები უზარმაზარ შედეგებს მოიტანს — მთელი მსოფლიოს ეკონომიკისთვის და არა მხოლოდ რუსეთისა. ამასთან ამ შედეგების გათვლა ახლა არავის შეუძლია. მსოფლიოს ძველი მოწყობა ჩვენ თვალწინ ინგრევა. მაგრამ მისი დაშლის სიჩქარე შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. და აქ ყველაფერი უკვე იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდხანს გაგრძელდება რუსეთის ბლოკადის მცდელობები დასავლეთის მხრიდან.
როგორ, განა ისინი სამუდამო არ არის? არა, იმიტომ რომ ისინი თავად დასავლეთს აყენებს აუნაზღაურებელ ზარალს, და მათ მიერ აგებულ გლობალურ საფინანსო-ეკონომიკურ სისტემას. თანაც ეს ზარალი დროთა განმავლობაში გაიზრდება — მის დიდ ნაწილს გადავადებული ეფექტი აქვს, თუმცა ძალიან მოკლე ხნით. მათ შორის იმ მიზეზითაც, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულმა ზომებმა უკვე იქონია შოკისმომგვრელი ზემოქმედება მთელ არადასავლურ სამყაროზე — და სჭიროა მისი რაღაცნაირად დარწმუნება, რომ ეს ყველაფერი გამონაკლისი და დროებითი მოვლენაა.
ამიტომ დასავლეთი თავადაა დაინტერესებული იმით, რომ ყველასათვის მტკივნეული სანქციების ნაწილი მოხსნას, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის შეჩერებისა და მისი ეკონომიკური განადგურების მცდელობების უნაყოფობაში დარწმუნდება.
ანუ დასავლეთს მაინც აქვს რუსეთის ეკონომიკური გასრესის იმედი?
დიახ, დასავლური ელიტების ნაწილს სჯერა ამისა — სხვა შემთხვევაში ისინი არ მიმართავდნენ ესოდენ მასშტაბურ და ორლესულ სანქციებს. პუტინმა ათობით ათასი სამხედროს მობილიზაცია მოახდინა, ხოლო მოკავშირე სახელმწიფოებმა საპასუხოდ თავიანთ კოლოსალურ ფინანსურ სიმძლავრეს მოუყარეს თავი. ახლა ეს აზარტული თამაშია ფინანსებსა და არმიას შორის, წერს ჯულია ფრიდლანდერი ატლანტიკური საბჭოდან.
მაგრამ თუ რუსული არმია გარდაუვლად მიაღწევს დასახულ მიზნებს, მაშინ როგორ გაიზომება დასავლური ფინანსური დარტყმების წარმატება? ხომ ძალიან მალე გაირკვევა, რომ მოსკოვს უმიზნებდნენ, მაგრამ საკუთარ გლობალურ სისტემას მოარტყეს. მსოფლიო ეკონომიკისგან რუსეთის დაბლოკვა სურდათ, საბოლოოდ კი მსოფლიოს მართვის საკუთარი გასაღები დაბლოკეს.
მაგრამ ახლა დასავლეთს ურჩევნია, არ იფიქროს ამაზე — უახლოესი თვეების განმავლობაში იქ რუსეთის ეკონომიკის კოლაფსს თუ არა, რუსეთში ცხოვრების დონის მკვეთრ ვარდნასა და ჩვენი ხალხის მასშტაბურ უკმაყოფილებებს ელოდებიან. და მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ცუდად იცნობს რუსებს, მსჯელობს რა მათზე ჩვენი ემიგრანტებისა და ოლიგარქების მაგალითზე, მაინც ესმით, რომ მარტო ცხოვრების გაუარესება საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ხალხმა ვლადიმირ პუტინს ზურგი შეაქციოს. ამიტომ მეორე აუცილებელ პირობად თუ უკრაინაში რუსეთის სამხედრო მარცხი არა, იქ სამხედრო ოპერაციის გაჭიანურება მაინც მიაჩნიათ.
საჭიროა რაც შეიძლება ბევრი რუსული და უკრაინული სისხლი — და სწორედ ამიტომ დასავლეთი არ მოუწოდებს ზელენსკის, გასცეს უაზრო წინააღმდეგობის შეწყვეტის ბრძანება. პირიქით, ყველანაირად უჭერს მხარს უკრაინის ხელმძღვანელობას, ჰპირდება „სტინგერებსა“ და ევროკავშირის წევრობას. უპირველესად მორალურად უჭერს მხარს, ვინაიდან მატერიალურად, ანუ სამხედრო მიწოდებებით მხარდაჭერა ფაქტობრივად აღარ შეუძლია.
თქვენ გეგონათ, დასავლეთს სჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, ზელენსკი პრეზიდენტად დარჩება და ქვეყანა ევროკავშირს შეუერთდება? ან იმედი აქვს, რომ რუსული არმია წავა და უკრაინას ღიად დატოვებს დასავლეთის გავლენისთვის, დროთა განმავლობაში კი, თუნდაც დაპატარავებული, შეიძლება კვლავ დაიბრუნოს? რა თქმა უნდა, არა. დასავლეთი ახლა მხოლოდ ერთ რამეზე დებს ფსონს: მას სჭირდება, რომ ბრძოლა რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. საკმარისად დიდხანს იმისთვის, რომ უკმაყოფილების ზრდა და, უფრო მეტიც, არეულობა გამოიწვიოს რუსეთში, რომელიც აიძულებს პუტინს, გასცეს უკრაინიდან გასვლის ბრძანება.
ფუჭი იმედებია? დიახ. მაგრამ სწორედ ასეთია ანგლოსაქსური ელიტების ნაწილის ლოგიკა.
აი, არას ამბობს ყველაზე მძიმეწონოსანი ამერიკელი ანალიტიკოსი რიჩარდ ჰასი:
„აუცილებელია ისე მოხდეს, რომ მისმა ქვეყანამ დიდი ეკონომიკური ზარალი ნახოს და ასევე დიდი სამხედრო დანაკარგები მიწაზე. ასე მკვეთრად ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ პუტინის ყველაზე დიდი მოწყვლადობა — ეს მკვდარი რუსი ჯარისკაცებია. ასე რომ, ჩვენ უკრაინა წინაღმდეგობისთვის საჭირო საშუალებებით უნდა უზრუნველვყოთ“.
და მიზანი აქ უბრალოდ უკრაინა აღარ არის: ჰაასი რუსეთში „რეჟიმის შეცვლისკენ“ მოუწოდებს. ამისთვის აუცილებელია უკრაინაში რუსებისთვის „მეორე ავღანეთის“ მოწყობა – როგორც ამას ატლანტისტები გვპირდებოდნენ ჯერ კიდევ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე.
მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში სამხედრო მიწოდებები თითქმის შეუძლებელია, აუცილებელია უკრაინელების იმ ნაწილის მორალური გამხნევება, რომლებიც მზად არიან ბოლომდე იბრძოლონ — დახმარებისა და „რუსეთის შიგნიდან დარღვევის“ დაპირებით.
ხოლო თუ არ იქნება პუტინი, არ იქნება არც სანქციები. ამასთან შესაძლებელი გახდება მათი მხრიდან დასავლეთისთვის ეკონომიკური და რეპუტაციული ზიანის მინიმუმამდე შემცირება.
ეს ამოცანა–მაქსიმუმია. ხოლო მინიმალური ამოცანა — ეს უბრალოდ რუსეთის დასუსტებაა საომარი მოქმედებების გაჭიანურებითა და იმავდროული სანქციების ზეწოლით.
თუმცა, როდესაც დასავლეთი დარწმუნდება, რომ ომის გაჭიანურებაზე დადებულმა ფსონმა არ გაამართლა, დადგება დრო გადაწყვიტოს, რა მოუხერხოს იმ ნგრევას, რომელიც მან გლობალურ ფინანსურ და ეკონომიკურ სისტემას მიაყენა. სავარაუდოა, რომ რამდენიმე თვეში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ნაწილობრივ მოიხსნება (არა ჩვენი სიყვარულის გამო), მაგრამ მშვიდობის უკან დაბრუნება ვეღარ მოხერხდება. ტექტონიკური ძვრები უკვე მიმდინარეობს — დედამიწაზე ომი დასრულდება, მაგრამ გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ქარიშხალი მხოლოდ ახლა იწყება. და მასში გამტყუნებული და დამარცხებული რუსეთი არ იქნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე