თბილისი, 2 მარტი – Sputnik. სინოპტიკოსები ხვალიდან ამინდის გაუარესებას და წვიმას ვარაუდობენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 მარტს დღის მეორე ნახევრიდან 6 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ნალექი, ზოგან ძლიერი.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ქარბუქი, ნისლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, დროგამოშვებით იქროლებს ძალიან ძლიერი ქარი.
სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
წყარო - გარემოს ეროვნული სააგენტო